ჯანდაცვა
სლოგანი „დარჩით სახლში“, გთხოვთ რაც შეიძლება ხშირად გაახმოვანეთ“, - ამირან გამყრელიძე
ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, გვექნება პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას და ამიტომ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მაგრამ ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს მართვადი, ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთლიანად ქვეყანაში ჩატარებულია 851 ათასი PCR ტესტი და 441 ათასი სწრაფი ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი.

„მილიონ მოსახლეზე ტესტირების მაჩვენებელი არაგვიშავს - გვაქვს 29 ათასი. ახლა ძირითადი დარტყმა გადადის პირველად ჯანდაცვაზე და ჰოსპიტალურ სექტორზე და სლოგანი „დარჩით სახლში“, გთხოვთ რაც შეიძლება ხშირად გაახმოვანეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს.

„შოლტის პრინციპი არაფერს არ იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ ავიდა აქამდე. მაინც გაზრდილია პირბადის გამოყენება და ეს მსიამოვნებს, მაგრამ მეტი გვჭირდება. თუ ნიღბის მოხმარება 95%-იან მაჩვენებელს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლებელი იქნება 278 000 სიცოცხლის შენარჩუნება. დღეს საქართველოში ნიღბის გამოყენება გვაქვს 60-64%-ის ფარგლებში და მოწოდებაა, რომ ეს ავიდეს 95%-ის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფიცირების რაოდენობას“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

Save
Print