ახალი ამბები
ბორჯომში ავარიის დროს დაშავებული ქალი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა
გუშინ, 1 აგვისტოს ბორჯომში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 12 ადამიანიდან, ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო. მგზავრმა, რომელიც თბილისი-ახალციხის მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსიში იჯდა, ქალა ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ეს ქალი დღე, 2 აგვისტოს, ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან თბილისში, კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა.

ამჟამად, ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მკურნალობას სამი პაციენტი აგრძელებს.

"ეს ქალი თბილისში გადაიყვანა კატასტროფის მედიცინამ. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია. პატარა გოგონა კარგად არის. ტრავმატოლოგიური იყო ერთი პაციენტი და მას გაუკეთდა ოპერაცია. მეორე პაციენტიც ტრავმატოლოგიური იყო და ბარძაყი ჩაუსწორდა. ამჟამად 3 პაციენტია ჩვენთან"
- აცხადებს ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ქირურგი დავით გუნდიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 1 აგვისტოს ბორჯომში, კერძოდ ლიკანის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ახალციხის სამგზავრო სამარშრუტო ტაქსი და სუპერმარკეტების ქსელის "მაგნიტის" სადისტრიბუტორო ავტომანქანა შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლების მანქანიდან ამოყვანა გართულდა. 12-ივე დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში იყო მოთავსებული. გუშინ დღის ბოლომდე, ადგილობრივი საავადმყოფო დატოვა ხუთმა პაციენტმა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ შვიდი დაშავებული დარჩა. დღეს მძიმე პაციენტთან ერთად კიდევ სამი პაციენტი გაეწერა და ამჟამად 3 მოქალაქე გადის სამედიცინო მკურნალობას ბორჯომის საავადმყოფოში.


ამავე თემაზე:

ბორჯომში ავარიის დროს დაშავებულებიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა

"მძღოლები იყვნენ შიგნით, სანამ კარები არ ჩაჭრეს, ვერ ამოიყვანეს" - ავარიის დეტალები ბორჯომიდან

ავარიის შედეგად დაშავებული ყველა მგზავრი და ორივე მიკროავტობუსის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი

საზარელი ავარია ბორჯომში, არიან დაშავებულები




Print