ახალი ამბები
ბორჯომის ცხელების ცენტრში 40 წლამდე კაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბორჯომის ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია. სამედიცინო დაწესებულებამ, ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი დღეს მიიღო. ადგილობრივ ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

"პასუხი უარყოფითი მოვიდა. კორონავირუსი ახალგაზრდა კაცს არ დაუდასტურდა და აღნიშნული პირი დღესვე გაეწერა ბინაზე" - ამბობს ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე.

40 წლამდე კაცი ბორჯომის ცხელების ცენტრში 6 მაისს მოათავსეს. მას შემდეგ გაიგზავნა მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში.

ბორჯომის ცხელების ცენტრი 1 აპრილიდან ფუნქციონირებს, სადაც მოთავსებულია 5 საწოლი. ცენტრმა ამ დრომდე 29 პაციენტი მიიღო. აქედან 8 ადამიანი იყო გადმოყვანილი საკარანტინე ზონებიდან. ხოლო ამ 8-დან კოვიდ-19 ერთ მოქალაქეს 16 აპრილს დაუდასტურდა. ინფიცირებული, რომელიც ამჟამად უკვე გამოჯანმრთელებულია, ახალდაბიდან იყო. ეს იყო კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტში და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
Print