ჯანდაცვა
ბორჯომის ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბორჯომის ცხელების ცენტრში, 22 აპრილს შეყვანილ პაციენტს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიიდან, პასუხი სამედიცინო ცენტრმა დღეს მიიღო.

30 წლამდე კაცი, ცხელების ცენტრში, მაღალი ტემპერატურით, ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან გადაიყვანეს.

"მოთავსებული იყო დროებით საიზოლაციო ზონაში. ნიმუში გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. მოვიდა უარყოფითი პასუხი. პაციენტი აგრძელებს ცენტრში მკურნალობას" - უთხრა ტელეკომპანია "ბორჯომს" სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ირაკლი დიასამიძემ.

ცხელების ცენტრში, ამ დროისთვის, მხოლოდ აღნიშნული პაციენტი იმყოფება.


ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 16 აპრილს დადასტურდა. ეს იყო სამცხე-ჯავახეთში ვირუსის პირველი, დადასტურებული შემთხვევა.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

Print