ჯანდაცვა
ბორჯომის ცხელების ცენტრში პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
21 აპრილს, ბორჯომის ცხელების ცენტრში შეყვანილ პაციენტს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალგაზრდა კაცი, ცენტრში ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან, მაღალი ტემპერატურით გადმოიყვანეს. კარანტინიდან გადმოყვანა ნიშნავს, რომ ინფიცირებულს, ბორჯომთან შეხება არ ჰქონია და არც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

ახალგაზრდა კაცს სავარაუდოდ რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

“30 წლამდე კაცი დღეს გადაიყვანეს გორის ჰოსპიტალში" - ამბობს ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას, სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე.

ამ დროისთვის ცხელების ცენტრში 1 პაციენტი იმყოფება.


ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 16 აპრილს დადასტურდა. ეს იყო სამცხე-ჯავახეთში ვირუსის პირველი, დადასტურებული შემთხვევა.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.





Print