ჯანდაცვა
ყველაზე სასიხარულოა, სტაბილურია 13 წლის ბავშვის მდგომარეობა - ლევან რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ყველაზე სასიხარულო არის, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 13 წლის ბავშვის ჯანრმთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისი თქმით, სტაბილურად არიან კლინიკაში მყოფი ორსული ქალებიც და საფრთხე არც ნაყოფს ემუქრება.

"ორსული, რომელიც იყო 22 კვირის, უკვე 23-ე კვირაშია. მისი და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო 48 საათია ცხელება არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება 8 კვირის ორსულ 19 წლის ქალს, მისი და ნაყოფის მდგომარეობა ფასდება სტაბილურად", — განაცხადა რატიანმა

როგორც რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 61 პაციენტიდან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 7 პაციენტი იმყოფება. ასევე კლინიკაში ახლად გადმოყვანილი რამდენიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 61 პაციენტია. რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, ინფიცირებულია 47 პაციენტი. კრიტიკული მედიცინის დეპარატამენტში არის 7 პაციენტი. აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, პაციენტი არის 67 წლის. კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორული დისტრესი, გემოდინამიკის რღვევით. გვყავს ახალგაზრდა პაციენტი, 42 წლის, რომელიც გუშინაა ჩვენს კლინიკაში შემოსული, პაციენტთან გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, რის გამოც მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დინამიკაში მისი მდგომარეობა უარყოფითი კლინიკით გვაქვს, მიუხედავად ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებებისა და ნებისმიერ დროს შესაძლებელია, გადაყვანილი იქნას აპარატზე. ასევე გადმოყვანილია რამდენიმე პაციენტი სხვადასხვა კლინიკიდან, ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია, მას აღენიშნება მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, გულის მწვავე უკმარისობით“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.
Print