ახალი ამბები
"ჩვენი ექიმების მცდელობა აღმოჩნდა წარუმატებელი" - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩვენი ექიმების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ნამდვილად სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა დღეს, ეს გახლდათ ქალბატონი, რომელსაც მრავლობითი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა და კოვიდინფექციის ფონზე მას განუვითარდა ორმხრივი პნევმონია. ჩვენი ექიმების მცდელობა აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც ძალიან სამწუხაროა და ჩვენ ამას ყველანი განვიცდით. ეს ქალბატონი გახლავთ ცნობილი კლასტერიდან და ჩვენ ვაგრძელებთ დამატებით მოკვლევებს იმისათვის, რომ გვქონდეს დეტალური ინფორმაცია კონკრეტულად ამ კლასტერში არის თუ არა კიდევ დამატებით ინფიცირებული. დღეის მდგომარეობით, 157 ინფიცირებული გვყავს, აქედან 28 გამოჯანმრთელებულია და ერთი გარდაცვალების ფაქტი გვაქვს. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ქართველ ექიმებს ამ ბრძოლაში. მინდა გავამხნევო ისინი. დარწმუნებული ვარ, ამ რთულ ბრძოლაში ისინი მიაღწევენ იმ შედეგებს, რა შედეგებზეც ვართ ორიენტორებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 28 ადამიანი. დღეს, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.

4 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 344 მოქალაქე.
Print