ჯანდაცვა
ვირუსის პიკური სტადია აპრილის მეორე ნახევრიდანაა მოსალოდნელი - ჯანდაცვის მინისტრი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერირნე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვირუსის პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან. მისი თქით, კორონავირუსით ინფიცირებული 10 ახალი პაციენტიდან უმეტესობა უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან საკარანტინო ზონებიდან არიან.

„მივყვებით ჩვენს გეგმას და სიტუაციაც მაინც კონტროლირებადია, ვინაიდან, ამ 10 პაციენტიდან ძირითადის კონტაქტები ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან არის დადგენილი და მათი უმეტესობა არის ან უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან იმ საკარანტინო ზონებიდან, რომელშიც არიან განთასებულები ჩვენი პაციენტები. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, არ ჩავთვალოთ, რომ ქვეყანაში ზარების შემოკვრის დროა, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ ჩვენი შემდგომი სტრატეგია უკვე გართულებული და გაზრდილი შემთხვევების მართვისთვის. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან, იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფოს გუნდის მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან აღსრულების ნაწილი. ამაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის პაციენტი გვეყოლება აპრილის ბოლოს და მაისში და ასევე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკური პერიოდი და როგორ მოხდება მისი შეკავება“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ამავე ბრიფინგზე, პაატა იმნაძემაც განაცხადა, რომ შეშფოთების საფუძველი ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს მთელ დედამიწაზე. მისი განმარტებით, სწორედ ამის გამო გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და გამკაცრდა ზომები.

„მოდი, პიკურ პერიოდზე ვილაპარაკოთ მას შემდეგ, რაც გვექნება დინამიკის შეფასების საშუალება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ გვექნება ამაზე საუბარი. რაც შეეხება შეშფოთების საფუძველს, ჩვენ უკვე გვაქვს დიდი ხანია მთელ დედამიწაზე ხომ?! შეშფოების საფუძველი რომ იყო, ამიტომ გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდოგმარეობა, ამიტომ გამკაცრდა ზომები, ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ შეშფოთების საფუძველი ნაკლები იყოს ხოლმე" - განაცხადა იმნაძემ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 26 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 281 მოქალაქე იმყოფება.


Print