ჯანდაცვა
97 ინფიცირებული - საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ 6 ადამიანს კონტაქტი ბოლო 2 ინფიცირებულთან ჰქონდა.

„დღეს დილით მონაცემებით გაქვს 97 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ გუშინ 1 შემოგვემატა, წყაროა ინგლისი. დანარჩენი, დღეს დამატებული 6 პაციენტების წყარო ცნობილია. ის ბოლო ორი შემთხვევა, რომელიც ჩვენ ვიცით, აი, იმ ბოლო 2 შემთხვევის კონტაქტია ესენი. მათგან მოთავსებულია 4 გორის ჰოსპიტალში და 2 საუნივერსიტეტო კლინიკაში”, - განაცხადა ეზუგბაიამ.


კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4876 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 264 პაციენტი რჩება.

კორონავირუსისგან ჯამში 18 ადამიანი განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
Print