ტურიზმი
„გუდაურსა და ბაკურიანში სეზონი ჩავარდა“ – შალვა ალავერდაშვილი
„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გუდაურსა და ბაკურიანში ტურისტული სეზონი ჩავარდა.

მისივე თქმით, ტურისტების უმრავლესობამ წინასწარ ჩარიცხული თანხები სასტუმროებისგან უკან მოითხოვა და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა კერძო სექტორი.

,,სამწუხაროდ, კლიმატური პირობების გამო, გუდაურსა და ბაკურიანში სეზონი ჩავარდა. განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ წელს მოლოდინები იყო გაცილებით ნაკლები ტრადიციული ბაზრებიდან (რუსეთი, უკრაინა). წელს ახალი ბაზრიდან, ისრაელიდან პირველად იწყებოდა ზამთრის ტურიზმის მიმართულების განვითარება, 15 000 ებრაელ ტურისტს ველოდებოდით. სამწუხაროდ, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო სეზონი ჩავარდა.

მომხმარებლის უმრავლესობამ წინასწარ ჩარიცხული თანხები სასტუმროებისგან უკან მოითხოვა. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა სექტორი, რასაც დაემატა გაურკვეველი მდგომარეობა ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთ ხელისშემშლელ პირობად ითვლება.

არანაირი კანონმდებლობა არ გვაქვს, რომელიც უკრძალავს ვინმეს ქვეყანაში შემოსვლას და აქ ინსტრუქტორად მუშაობას. ბევრი ინსტრუქტორი ჩამოვიდა, საიდანაც შესაძლოა, რამდენიმეს საერთაშორისო ლიცენზია ჰქონდეს და ამის წინააღმდეგ წავიდნენ ადგილობრივი ინსტრუქტორები. თან ახლა, როდესაც ტურისტების ნაკლებობაა. როდესაც ბევრი ტურისტია, ინსტრუქტორებთან გადანაწილება ხდება, ინსტრუქტორები დაკავებულები არიან და ასე მძაფრად არ დგება ეს პრობლემა. მაშინ, როდესაც ტურისტების სიხალვათეა, ეს პრობლემა იჩენს თავს. გამოჩნდა, რომ საქართველოში უცხოელი ინსტრუქტორებისთვის არც ისე სახარბიელო სიტუაციაა“,
– განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში”.

წყარო: mcm.ge

Print