სახიფათო ინტერნეტთამაშზე "ლურჯი ვეშაპი" ფილმს, სკოლებში აჩვენებენ
ეროვნული კინოცენტრის ინიცატივით, „ლურჯ ვეშაპზე“ გადაღებულ ფილმს მალე სკოლებში აჩვენებენ. 15-წუთიანი მხატვრული ფილმი, რომელიც სახიფათო ინტერნეტთამაშის შესახებ მოგვითხრობს, ლევან გაბაძემ გადაიღო. რეჟისორის განცხადებით, ფილმზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და პრემიერა უახლოეს მომავალში შედგება.

მისი თქმით, ნამუშევარმა ეროვნული კინოცენტრის მოწონება დაიმსახურა, რის გამოც ცენტრმა ფილმის სკოლებში ჩვენების გადაწყვეტილება მიიღო.

„ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. აჩვენებს ამ საზარელ თამაშში მონაწილე ყველა მხარეს. ვიდრე ფილმის გადაღებას დავიწყებდით, ჩვენ მოვიძიეთ ძალიან ბევრი ინფორმაცია, როგორც ქართული, ისე უცხოური რეალობიდან. ვესაუბრეთ ფსიქოლოგებს და სხვა სპეციალისტებს და ერთად შევკარით ეს გამოცდილებები. იმედი გვაქვს, რომ ფილმი დიდ როლს ითამაშებს პრობლემის პრევენციაში და სასარგებლო იქნება როგორც მოზარდებისთვის, ისე მისი მშობლებისთვის. პრევენციის მიზნით არის ფილმი გაკეთებული და იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება. ამჟამად მიმდინარეობს ფილმის თარგმნა და ინგლისურ სუბტიტრებზე მუშაობა, რადგან ვგეგმავთ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა რეჟისორმა.
Print