გაუქმდება თუ არა სკოლებში გამოსაშვები გამოცდები
განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ნათია ზედგინიძის განცხადებით, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა, განმეორებით, მესამე მოსმენით ისევ მოხდება. ზედგინიძის თქმით, პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვა, ისევ დაჩქარებული წესით მოხდება.

"პარლამენტის დადგენილი რეგლამენტით, შესაძლებელია და უახლოეს მომავალში აღნიშნული კანონის პროექტს გუნდი დააყენებს კენჭისყრაზე მესამე მოსმენით. რაც შეეხება თავად კანონის პროექტს, ეს გახლავთ, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან სკოლებში გამოსაშვები გამოცდების, ე.წ კატის გამოცდების გაუქმებას. ამიტომ უახლოეს მომავალში მოხდება დადგენილი რეგლამენტითა და წესების სრული დაცვით, განმეორებით მესამე კენჭისყრა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.

კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.

დეპუტატმა ლევან კობერიძემ, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო თუ რომელ პროექტს ეყრებოდა კენჭი და თუ კი რეგლამენტი შესაძლებლობას იძლეოდა, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარებულიყო. როგორც ირაკლი კობახიძემ კობერიძის პასუხად აღნიშნა, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა.

"ალბათ, აერიათ წითელი და მწვანე, „მომხრე“ და „წინააღმდეგი“, პლუსი და მინუსი", - ასე ხსნის ოპოზიციონერი დეპუტატი სერგო რატიანი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს.

„რამდენიმე ჩემმა კოლეგამ აღნიშნა კიდეც, რომ არსებობს დარბაზში ტექნიკური ხარვეზები აკუსტიკასთან მიმართებაში. ამდენად, ჩვენ გვაქვს ორი შესაძლებლობა. პირველი, არაუგვიანეს 16 აპრილისა დავაყენებთ განმეორებით კენჭისყრაზე.

ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს ექნება მხარდაჭერა,"
- აღნიშნა მარიამ ჯაშმა.


შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩქარებული წესით იხილავდა.
Print