39 ათასი აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 ათასზე მეტი გახდა
‘’დაახლოებით, 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა კონკურსში. დღეს, 13:00 საათზე გამოქვეყნდა ჩარიცხვის შედეგები. რა თქმა უნდა გამოქვეყნდა საგრანტო კონკურსის შედეგებიც. ყველა სტუდენტს ვულოცავ ამ წარმატებას. 39 ათასი აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა. სტუდენტების რაოდენობის თვალსაზრისით, თუ წინა წლის მონაცემებს შევადარებთ, ფაქტობრივად, ანალოგიურია მდგომარეობაა, თუმცა, თუ კიდევ უფრო წინა წლებს შევადარებთ, გაზრდილია სტუდენტების რაოდენობა, რაც ნამდვილად კარგია. რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაფინანსება ან ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან, აქაც ძალიან კარგი ვითარებაა. ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე 2017 წელს 4051- სტუდენტი სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლის და სრულად დაფინანსდება" - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2017 წლის ეროვნულ გამოცდაზე 100%-იანი დაფინანსება 1009 აბიტურიენტმა მოიპოვა, 70%-იანი დაფინანსება - 1457-მა, 50%-იანი დაფინანსება - 4081 სტუდენტმა, ხოლო ე.წ. უფასოზე 4051 სტუდენტი ჩაირიცხა.

რაც შეეხება საგრანტო კონკურსს, დაახლოებით 6000 ან 6000-ზე მეტია სტუდენტთა რაოდენობა, რომლებმაც სახელმწიფოსგან ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება მოიპოვა. 1000-ზე ოდნავ მეტია იმ სტუდენტების რაოდენობა, ვინც 100%-იანი გრანტი მოიპოვა და სრულად ფინანსდებიან’, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, წელს, რამდენიმე პოზიტიური ტენდეცია შეინიშნება - ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 1047 არაქართულენოვანი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.


Print