ეროვნულ გამოცდებზე ქცევის ახალი წესები აბიტურიენტებისთვის
აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათში აღნიშნულ მისამართზე ბარათში მითითებული განრიგის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია. გაითვალისწინეთ – რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
რეგისტრაცია იწყება გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე (ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო); აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით) და პირადი ჰიგიენის ნივთებისა;
აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ წესებს.

აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან შემდეგი მიზეზებით:

  • ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე. წ. "შპარგალკის", მობილური ტელეფონის, აიპადის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
  • წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
  • ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
  • ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.

გამოცდის დაწყებამდე დამკვირვებელი აბიტურიენტებს გააცნობს წესებს, რომლებიც უნდა დაიცვან ტესტირების პროცესში:

აბიტურიენტები უნდა დასხდნენ რეგისტრაციისას მითითებულ სამუშაო მაგიდასთან;
მერხზე, რომელზეც განთავსებულია კომპიუტერი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, სპეციალური კალმის (გამოცდის დაწყებამდე დაგირიგდებათ), პასუხების ფურცლისა და ე. წ. სამუშაო ფურცლის ან გამოცდით გათვალისწინებულ დამხმარე მასალის (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა)დადება შეიძლება – არც ერთი სხვა ნივთი არ უნდა იდოს სამუშაო მაგიდაზე (წყალი, პლასტმასის ბოთლით, შეუძლიათ დადონ იატაკზე).
პასუხების ფურცლების დარიგებისას დაკვირვებით უნდა შეამოწმოთ პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ დაუზიანებელია – ეს სექტორის უწყისში ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ;
ხარვეზიან პასუხების ფურცელს ახლით შეგიცვლიან;
პასუხების ფურცელზე დამკვირვებლის მიერ დაკრული შტრიხკოდის ნომერი თავად უნდა ჩაწეროთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;
ტესტზე მუშაობა იწყება სექტორში პასუხების ფურცლების დარიგების შემდეგ (პასუხების ფურცლებზე დაიკვრება შტრიხკოდები). ამის თაობაზე გაცნობებთ დამკვირვებელი;
საჭიროების შემთხვევაში დამკვირვებელს მიმართეთ ხელის აწევით.

გაითვალისწინეთ, ნაშრომი არ გასწორდება, თუ:

  • დაზიანებულია;
  • აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს;
  • პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

გახსოვდეთ, არ შეიძლება:

  • პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
  • გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
  • ერთმანეთის დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
ჩამოთვლილი წესების დარღვევისას აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).
გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა;

გაითვალისწინეთ, რომ მკაცრად შეიზღუდება საგამოცდო პროცესის დროს სექტორის დატოვება ნებისმიერი, მათ შორის, საპირფარეშოში გასვლის მიზნით – აუცილებლობის შემთხვევაში აბიტურიენტი სექტორს დატოვებს მხოლოდ ექიმისა და საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის თანაშემწის თანხლებით.

დრო ემატებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც აქვთ სამედიცინო ცნობით დადასტურებული ფუნქციონალური დარღვევები;

თუ დროზე ადრე დაასრულებთ მუშაობას, ხელის აწევით მიმართავთ დამკვირვებელს, რომელსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ პასუხების ფურცელს. ნაშრომის ჩაბარების შემდეგ კი დატოვებთ

საგამოცდო სექტორს. პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებთ სექტორის უწყისში;

  • აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს დამკვირვებლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის, გადაწყვეტილებას გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.
  • თუ აბიტურიენტი მიიჩნევს, რომ დაირღვა საგამოცდო პროცედურით დადგენილი წესი, მას უფლება აქვს იმავე დღის 21:00 საათამდე შეიტანოს განცხადება იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც ჩააბარა კონკრეტული გამოცდა.
Print