"მოსწავლეებმა იციან რომ მობილური უნდა ჩადონ საცავში" - ბორჯომელი პედაგოგი ნინო გოგოლაძე
ბორჯომის №1 საჯარო სკოლაში მობილური ტელეფონების ყუთი გაჩნდა. ეს იდეა მე-7 ა კლასის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს ნინო გოგოლაძეს ეკუთვნით. თავდაპირველად, ბევრი იმსჯელეს, ვერსიები ინტერნეტში მოიძიეს, შემდეგ პედაგოგის ჩართულობით ყუთის დიზაინი შექმნეს, შეუკვეთეს და დაამზადებინეს.  ყუთი დაყოფილია უჯრებად და აწერია თითოეული მოსწავლის სახელი და გვარი. ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ნინო გოგოლაძე აღნიშნავს, რომ სკოლაში მისულმა ყველა მოსწავლემ იცის, სად უნდა მოათავსოს საკუთარი მობილური ტელეფონი. მისი თქმით, იდეა განხორციელდა ბავშვების და მათი მშობლების მხარდაჭერით. 

"ბავშვებმა იციან რომ მობილური უნდა ჩადონ საცავში და მოვლენ თუ არა სკოლაში, ათავსებენ საცავში თავიანთი ნებით. ეს საცავი დაყოფილია უჯრებად და ყველას თავისი სახელი და გვარი აწერია. თუ რომელიმე საცავი ცარიელია, მასწავლებელს შეუძლია ბავშვს შეახსენოს რომ შენ დაგვიწყებია მობილურის საცავში მოთავსება და ბავშვი მაშინვე ათავსებს ტელეფონს საცავში. თუ მასწავლებელს გაკვეთილზე დასჭირდება ტელეფონი, იღებენ ბავშვები და იყენებენ. საკმაოდ კარგია. ბავშვები მიეჩვივნენ და თვითონ ათავსებენ საცავში. თან, ტელეფონები ამ ყუთში უფრო დაცულია, ვიდრე ჯიბეში ან ჩანთაში. ბავშვებიც კმაყოფილები არიან და პედაგოგებიც" - ამბობს ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის მე-7 ა კლასის დამრიგებელი ნინო გოგოლაძე. 


მოსწავლეებმა ვიდეოც გადაიღეს და გაავრცელეს,როგორ ათავსებენ ყუთში მობილურ ტელეფონებს. ზარის დარეკვის შემდეგ კი თითოეული მოსწავლე სახელობითი უჯრიდან იღებს კუთვნილ ტელეფონს.



Print