"ზარზმის აკადემიის" 38-მა მოსწავლემ სწავლა კომაროვში გააგრძელა
საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების
ინიციატივის თანამშრომელი, მაგდა ბობოხიძე სოციალურ ქსელში
"ზარზმის აკადემიის" მორიგი წარმატების შესახებ წერს.
"ერთი ამბავი უნდა
იცოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი და აღმაფრთოვანებელი:
ადიგენში, სოფელი ზარზმის სკოლაში, არის "ზარზმის აკადემია", რომელშიც
ძალიან, ძალიან, ძალიან კარგად და გაძლიერებულად ისწავლება
მათემატიკა.
ბავშვები მოჰყავთ მთელი რეგიონიდან; მაგალითად, ერთი ბიჭი, კვირაში
3-ჯერ, 55 კილომეტრით დაშორებული სოფლიდან მოდის ზარზმაში,
გაკვეთილისთვის გადის 110 კილომეტრს.
ისტორია არის ასეთი: მათემატიკოსი ჩამოვიდა ზარზმაში და გადაწყვიტა
ბერად აღკვეცა, ასეც მოიქცა. მერე სოფელში დაიწყო მათემატიკის
სწავლება, იმდენი მოახერხა, რომ "ზარზმის აკადემიის" 38-მა მოსწავლემ
ჩააბარა კომაროვის გამოცდები და კომაროვში გააგრძელა სწავლა.
"რაღაც პერიოდის მერე ვცდილობთ ინგლისურად მოვიტანოთ ამოცანები, რომ
ბავშვები ამ ენასაც შეეჩვივნონო"
რისი აღწერაც რთულია, არის ემოციური ნაწილი: როგორი გადამდები
ენთუზიაზმი და მონდომება იგრძნობა მასწავლებლის და მოსწავლეების
მხრიდან.
ახლა ცდილობენ აკადემიაში დაამატონ ინგლისური და ეკონომიკა. ეძებენ
დაფინანსებას.
იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოუვათ და იმედი მაქვს, რომ მათი
მაგალითი მოტივაციის მომტანი იქნება სხვებისთვისაც.
სიახლეებს გავიგებ ხოლმე და გაგაგებინებთ" - წერს მაგდა
ბობოხიძე.
ცნობისთვის, საქართველოს ზარზმის მონასტრის ფონდი “სავანე“ 2007 წელს
დაფუძნდა, „ზარზმის ბავშვთა აკადემია“ კი 2019 წლიდან ფუნქციონირებს.
აკადემია მოსწავლეებს მათემატიკას და ფიზიკას გაძლიერებული პროგრამით
უფასოდ ასწავლის. აკადემიის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს აქვთ
შესაძლებლობა ისწავლონ ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199
საჯარო სკოლაში.
გააზიარეთ :