განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი გახდა
განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი, გიორგი ამილახვარმა შეცვალა. გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის პოსტზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

“ბატონი გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი. მე მინდა გითხრათ, რომ მას აქვს ძალიან კარგი, ღირსეული განათლება მიღებული. იგი სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ გერმანიაში. მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი. არის ასოცირებული პროფესორი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ გიორგის აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება, იგი გახლავთ ერთ-ერთი ძალიან წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი. მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია. ეს არის ერთ-ერთი მართლა ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შექმნას ახალგაზრდა მოტივირებულმა ადამიანმა თანამედროვე, ევროპული, დასავლური ხარისხის უნივერსიტეტი. სწორედ ასეთი უნივერსიტეტის შემქმნელი გახლავთ ბატონი გიორგი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე ბატონი გიორგი წარმატებით ხელმძღვანელობდა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს"
- განაცხადა ღარიბაშვილმა.


ამილახვარმა გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.


„დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის, თქვენ და ჩვენს გუნდს. რა თქმა უნდა, დიდი პატივია ვუხელმძღვანელო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას, იქ სადაც მუშაობს და დასაქმებულია ჩვენი ასეულათასი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველოს. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა, ბუნებრივია, კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც სჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა, ამიტომ დღეიდან, ჩვენ და მე პირადად დავიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან - ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან პროფესორებთან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან, ჩვენს მეცნიერებთან, იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს შვილებს სკოლებში, დაწყებული ინფრასტრუქტურით, გაგრძელებული სასწავლო პროგრამითა და საგანმანათლებლო რესურსებით, ამიტომ ამ კუთხით აქტიურად და სწრაფად ვიმუშავებთ. ჩვენ გვინდა და შევქმნით აუცილებლად ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის“, - განაცხადა ამილახვარმა.



ამილახვარი ამ დრომდე დეპუტატი იყო “ქართული ოცნებიდან” და პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტს თავმჯდომარეობდა. 

გიორგი ამილახვარს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობის სპეციალობით. არის სამართლის დოქტორი. მის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ 2016 წელს ჰამბურგში იმყოფებოდა კვლევით სტაჟირებაზე მაქს-პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის კვლევითი ინსტიტუტში. 1999-2000 წლებში სწავლობდა ალამოს უმაღლესი სკოლაში, აშშ-ში. ხოლო 2004 წელს, მუშაობდა „კლინტონ დავის პალასი - ადვოკატების“, ადვოკატის თანაშემწედ დიდი ბრიტანეთში, ლონდონში.

ასევე:


2018 – 2019 წლებში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია ეკავა;

2010 – 2020 წლებში იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში;

2008 – 2010 წლებში ლიეტუვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ ფილიალი საქართველოში „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი იყო;

2007 – 2008 წლებში კი სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტი იყო.




განათლების ახალი მინისტრი ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ 78 დეპუტატს შორის, ვინც მხარი დაუჭირა „უცხოეთის აგენტების კანონს“ ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი), რომლის გასაპროტესტებლად მარტის დასაწყისში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, მათ შორის, სტუდენტები.

კიდევ ერთი კომენტარი, რის გამოც გიორგი ამილახვარი მედიის ფოკუსში მოექცა, ვაკის პარკში, 2022 წლის 13 ოქტომბერს მომხდარ ტრაგედიას ეხებოდა, რომლის დროსაც, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ვერ გადაარჩინეს.


ამილახვარმა მაშინ თქვა:

„არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, იმ ადგილას რომ არ ჩავიდეს, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, სადაც მსგავსი ტექნიკური შეფერხებები შეიძლება იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს... ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის? და ამას მეკითხები სერიოზულად?!" - ასე მიმართა მან ჟურნალისტს.

თუმცა საზოგადოების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ მან ბოდიში მოიხადა.



რაც შეეხება ყოფილ მინისტრს, ალექსანდრე ჩხენკელს, მისი თანამდებობიდან გადაყენების მოტივი ოფიციალურად უცნობია. ღარიბაშვილის თქმით, ჩხენკელმა, რომელმაც “ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა და ძალიან ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი”, საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. "ნეტგაზეთის" ინფორმაციით კი მიხეილ ჩხენკელის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი, სავარაუდოდ, რუსულ კანონთან დაკავშირებით სამინისტროს კრიტიკული შეფასება იყო.

მთავრობის ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა. მას იგივე პოსტი მანამდეც, 2017 წელსაც ეკავა, თუმცა მხოლოდ 8 თვის განმავლობაში. გიორგი ამილახვარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მეექვსე განათლების მინისტრია.





Print