მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პედაგოგები "უცხოელი აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პედაგოგები, "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"ჩვენ, საქართველოს მასწავლებლები, უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ავტორებს გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი; მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მმართველ პარტიას, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს. ამავდროულად, მოვუწოდებთ საჯარო უწყებებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ ხმა აიმაღლონ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ. და ბოლოს, მოვუწოდებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პროტესტი, რათა არ დავუშვათ აღნიშნული კანონპროექტის მიღება"
- აღნიშნულია განცხადებაში.



ცნობისთვის, 2 მარტს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „უცხოელი აგენტების გამოვლენის“ შესახებ კანონპროექტებს. საკომიტეტო განხილვა მედიის, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს ჟურნალისტები, მოგვიანებით ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინეს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებსაც. განხილვის შემდეგ, პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილი აქციის 34 მონაწილე, მათ შორის ჟურნალისტები პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა. პარლამენტი, კანონპროექტის განხილვას ხვალიდან, 6 მარტიდან გააგრძელებს.


„ხალხის ძალამ“ პირველი კანონპროექტი 14 თებერვალს დააინიცირა. დოკუმენტის მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება „უცხოური გავლენის აგენტების“ რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.


ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს, შვედეთის, ნორვეგიის, ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლების მხრიდან დღემდე არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა, სადაც ნათქვამია, რომ მსგავსი კანონის მიღება საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს საფრთხეს შეუქმნის და შეაფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი მოუწოდებენ ინიციატორებსა და მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, არ დაუჭიროს მხარი კანონპროექტს.
Print