საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის ტესტირება დღეს ჩატარდება
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირება საჯარო სკოლის 3 200-ზე მეტ დირექტორობის მსურველს ჩაუტარდება.

ტესტირება, ელექტრონული ფორმით, დღეს, 22 იანვარს, 12:00 საათზე, დაიწყება.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვის მიზნით, 2022 წელს დაიწყო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.

ამ ეტაპზე სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და განსაზღვრულია ტესტირების ჩატარების თარიღიც. კერძოდ, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება ელექტრონული ფორმით 2023 წლის 22 იანვარს, 12:00 საათზე ერთ სესიად ჩატარდება.

ტესტირება, სხვადასხვა უწყებასთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ ორგანიზებით ჩატარდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება 49 საგამოცდო ცენტრი, სადაც დარეგისტრირებული 3 200-ზე მეტი დირექტორობის მსურველისთვის ჯანსაღი, კომფორტული და აკადემიური გარემოა უზრუნველყოფილი.

ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.

სერტიფიცირების პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა მსურველს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა – საჯარო სკოლის დირექტორობის თითოეული მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყო უფასო ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და შესაბამისი კონსულტაციები.
2020-2022 წლებში მიმდინარეობდა აქტიური მზადება სერტიფიცირების პროცესის დაწყებისთვის. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა.
ახალი კონცეფციის საფუძველზე 2022 წელს სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა, რომელიც სრულიად განსხვავდება აქამდე არსებული მიდგომებისგან – ის ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე. დოკუმენტში, დირექტორის ფუნქცია-მოვალეობასთან ერთად, განსაზღვრულია ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც თანამედროვე ტიპის სკოლის ლიდერი უნდა აკმაყოფილებდეს“
, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


Print