სამცხე-ჯავახეთში 11 ახალი სკოლა აშენდება - განათლების მინისტრი
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მომავალ წელს სამცხე–ჯავახეთში 11 ახალი სკოლა აშენდება, 65 სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აღნიშნულის შესახებ ჩხენკელს კითხვა სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა დაუსვა.

„მოგეხსენებათ 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 300 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც იგეგმება 500-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა. მე როგორც მაჟორიტარმა, მინდა გკითხოთ ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის და ასპინძის მუნიციპალიტეტის, რომელ სკოლებში იგეგმება სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოები და რომელში ახალი სკოლების მშენებლობა?! აქვე მინდა გთხოვოთ, თუ შესაძლებელია ამ ეტაპზე გვითხრათ სამუშაოების დაწყების და დასრულების სავარაუდო თარიღები“,- ამ კითხვით მიმართა ანტონ ობოლაშვილმა განათლების მინისტრს.

მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ სამცხე–ჯავახეთში 11 ახალი სკოლა აშენდება, 65-მდე სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„სამცხე–ჯავახეთში დაახლოებით 65–მდე სკოლა იქნება სრულად რეაბილიტირებული და 11 ახალი სკოლა აშენდება. რაც შეეხება კონკრეტულ სკოლებს, ამ ნუსხას ცალკე მოგაწოდებთ“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
Print