კელი დეგნანი სტუმრად დვირის საჯარო სკოლაში
ამერიკის ელჩი საქართველოში სტუმრად დღეს დვირის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. კელი დეგნანი მოხალისეობის იმ პროგრამით დაინტერესდა, რომელიც აღნიშნულ სკოლაში 2011 წლიდან პანდემიამდე აქტიურად ხორციელდებოდა. კერძოდ, საუბარია მშვიდობის კორპუსის მოხალისეებზე, რომლებსაც დვირის საჯარო სკოლა მასპინძლობდა. სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ელჩთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართეს. მოხალისეობის პროგრამის ფარგლებში გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.







ბორჯომის საგანმანათლებო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის იზოლდა ლომიძის განცხადებით, ბორჯომის სკოლები მოხალისეობის პროგრამებში ყოველთვის აქტიურად არის ჩართული. მისი თქმით, ამერიკის ელჩის ვიზიტი მათთვის დიდი პატივი იყო.

"ძალიან დიდი პატივი იყო ჩვენთვის ამერიკის ელჩის სტუმრობა. მოხარულები ვართ ამ შესაძლებლობით და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კელი დეგნანმა სამცხე-ჯავახეთში ვიზიტი ბორჯომით დაიწყო და ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა" - განაცხადა იზოლდა ლომიძემ.




ამერიკის ელჩი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის სკოლებში სტუმრობას აგრძელებს. კელი დეგნანი ხვალ, 25 ოქტომბერს, ახალციხეში შეხვედრას სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთანაც გამართავს.
Print