,,ჩემი ქართულის მასწავლებელი... მაღალი, წითური თმით დიდი, ყავისფერი მრავლისმეტყველი თვალებით’’-ბორჯომელი მოსწავლის წერილი მასწავლებელს
დღეს მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. ბორჯომელი მასწავლებელი მონიკა ჭანტურია სოციალური ქსელში თავისი მოსწავლის ძალიან ემოციურ წერილს აქვეყნებს.
,, დღეს გულწრფელი ურთიერთობის დღეა! ჩემთვის ყველაფერია, როცა მოსწავლისგან ასეთ გზავნილს იღებ. მადლობა თითოეული სიტყვისთვის, რომელმაც გულში გაიარა. ბევრი ფრაზა მენიშნა და შენ შენი მხრივ, მე კი - ჩემი მხრიდან ვეცდები ვიყო სასურველი მასწავლებელი!’’- წერს მონიკა ჭანტურია

,,ალბათ, ყველას გყავდათ ის ერთი, განსაკუთრებული მასწავლებელი, რომლის გაკვეთილსაც სულმოუთქმელად ელოდბოდით. ჩემთვის სიტყვა მასწავლებელი ყოველთვის რაღაც სევდის მომგვრელია, რადგან არ ვარ ისეთი ბავშვი ასე ვთქვათ "სასურველი", "კარგი ყოფაქცევის". სიმართლე რომ გითხრათ, ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი ჩემი მასწავლებლების თვალში ისეთი, რომ ჩემთან ურთიერთობა სიხარულის მომგვრელი ყოფილიყო და სამასწავლებლოში გასულებს არ ეთქვათ: „ტასომ კლასი თავზე დაიმხო “, ან ,,მთელი გაკვეთილის განმავლობაში ღლიცინებდა“. რომ გითხრათ მწყინს-მეთქი, არც ეს არ იქნება მართალი , მაგრამ როდესაც იცი, თუ რამდენად გაგახარებს მასწავლებელის ერთი შექება, თუნდაც, ერთი თბილი სიტყვა, გულში მაინც ჩამწყდება ხოლმე რაღაც. ჩემი ბრალია, ვიცი , რომ ჩემი ბრალია... ვიცი , რომ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც მე მინდა, ან როგორიც უნდა ჩემი ქართულის მასწავლებელს...
ხშირად მესმის კითხვა: - შენი საყვარელი საგანი? - ქართული. დიდი სიამაყით ვამბობ მე, რომ ჩემი ქართულის მასწავლებელი მონიკაა... ჩემი ქართულის მასწავლებელი... მაღალი, წითური თმით (ისე, ახლა დავფიქრდი - ნეტა, თავისი ფერია?), დიდი, ყავისფერი მრავლისმეტყველი თვალებით, წვრილი სახით და მუდამ ღიმილიანი... თბილი გულით... ნეტავ, იცოდეთ როგორი გულის პატრონია. ალბათ ყველაზე გულჩვილი ადამიანია, ვინც კი მინახავს: ყოველი სევდიანი მოთხრობის, ლექსის კითხვისას ცრემლები სძლევს ხოლმე, უმტყუნებს ხოლმე გული... ისე, ხანდახან წარმომიდგენია რამდენი რამეა ჩემგან საწყენი... ამ ყველაფერსაც ისე ვწერ, გეგონება ამის მერე არ მოვუშლი ნერვებს... ისე მასწ , რომ იცოდეთ როგორ მითბება გული, როცა "ციგანს" მეძახით. მიყვარს, როცა ჩემს ხუმრობებზე გეცინებათ...როცა ჩემს ნაწერებზე სევდიანდებით... სკოლაში კი ვუშლი ხოლმე ნერვებს, მაგრამ სკოლის გარეთ ხომ სულ სხვა ადამიანია. ამასწინათ, ბორჯომ-ქალაქობის დღესასწაულზე მე და ჩემი მეგობრები კონცერტზე წავედით და სწორედ, იქ შეგვხვდა. ფოტოებს ვიღებდით და მანაც გადაწყვიტა ჩვენთან ერთად ფოტოს გადაღება. მე მის უკან ვიდექი. არ ვიცოდი, რა პოზა მიმეღო. ინსტიქტურად ხელები წელზე შემოვხვიე და მის მხარზე ოდნავ თავი ჩამოვიდე ... არ ვიცი რა სითბო ვიგრძენი... სულ სხვა ადამიანი იყო... ასე მეგონა დედაჩემის კალთაში მეძინა ... უცბად მეგონა ხუთი წლის ვიყავი... ძალიან მიყვარს მისი ყველაფერი: რაც არ უნდა მდგომარეობიდან გამოვიდეს, ზედმეტად მაინც არ მეტყვის არაფერს... ეშმაკები დამირბიან თავში, ვერ ვისვენებ გაკვეთილზე ... სულ ვცქმუტავ და რაიმე კარგ ხუმრობას ველოდები , რომ გულიანად გავიცინო... მე არ ვიცი რამდენად კარგი მოსწავლე ვარ მისთვის, მაგრამ ჩემთვის ის სულ სხვანაირია, სხვა მასწავლებელებს არ ჰგავს .... ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე მე და ანი მის შესახებ...ხან ვიძახით - ეს რატომ გვითხრაო , ხან ვიძახით - დღეს რა საყვარელი იყოო , ხან რას ხან რას, მაგრამ ...მაინც ის იქნება ჩემთვის ყველასგან გამორჩეული... ყოველთვის მინდოდა , რომ მის თვალში კარგი მოსწავლის იერი მქონოდა, დარწმუნებული ვარ, ეს არ გამომდის, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არის ის საუკეთესო... ყველაფერის მიუხედავად, ის თავისებურია, ჩვენ - ჩვენებური, მაგრამ მაინც ახერხებს, რომ თავი ძალიან შეგვაყვაროს ... როცა დიდი გავიზრდები, ყოველთვის გავიხსენებ მას."



Print