რატომ გაათავისუფლეს პედაგოგი ტაძრისის საჯარო სკოლიდან
ტაძრისის საჯარო სკოლიდან, დაწყებითი კლასების პედაგოგი ირმა ღარიშვილი გაათავისუფლეს. მას შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა. ამას თავად პედაგოგი, სკოლის დირექტორი და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი შესაბამისი მიზეზებით ხსნიან. დღეს დილიდან, დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლები სკოლის გარეთ შეიკრიბნენ და პედაგოგის გათავისუფლების ფაქტი გააპროტესტეს. ამის ნიშნად, მშობლების უმრავლესობამ შვილი სკოლაში, გაკვეთილზე დასასწრებად არ მიიყვანა. ფაქტის გასაშუქებლად ისინი ტელეკომპანია "ბორჯომს" დაუკავშირდნენ.

დაწყებითი კლასების ყოფილი პედაგოგი ირმა ღარიშვილი აცხადებს, რომ სკოლიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. აღნიშნულ სკოლაში ის 31 წლის განმავლობაში ასწავლიდა. ირკვევა, რომ ის არ იყო სერთიფიცირებული პედაგოგი.

"მე ვარ უკანონოდ გათავისუფლებული. ხელშეკრულება რომელიც აქამდე მქონდა დადებული, იქ შეთანხმებული ვიყავით, რომ იქამდე არ მოხდებოდა ჩემი გათავისუფლება, სანამ  სერთიფიცირებული პედაგოგი არ ჩამანაცვლებდა. 17 იანვარს დამიდეს ხელშეკრულება. შემდეგ, ვიყავი შვებულებაში როცა ჩემს პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა და ასე მოხდა სხვა კადრის შერჩევა. მშობლებმაც გააპროტესტეს ჩემი გათავისუფლების საკითხი. დღეს მათ ბავშვები არ მოიყვანეს სკოლაში, ისინი ჩემს დაბრუნებას ითხოვენ. განცხადებით მშობლებმა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრსაც მიმართეს. მე კი ორშაბათიდან ვაპირებ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას და ვიწყებ შიმშილს" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ირმა ღარიშვილმა.

ტელეკომპანია "ბორჯომი" ამის შემდეგ სკოლის დირექციას და ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრსაც დაუკავშირდა. ტაძრისის საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა გოგოლაძე ჩვენთან საუბრისას აბობს, რომ განათლების რეფორმიდან გამომდინარე, ყველა სკოლაში პედაგოგები კომპლექტდებიან შემდეგი კვალიფიკაციის, უფროსი მასწავლებელი/მენტორი/წამყვანი მიხედვით.

"ირმა ღარიშვილი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო და მას ამ ხნის განმავლობაში კანონი ავალდებულებდა კვალიფიკაციის ამაღლებას. მას ამისათვის ჰქონდა 10 წელი განსაზღვრული, თუმცა ამ დროში მას არ ჩაუბარებია სასერთიფიკაციო გამოცდა და არ უზრუნია კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამიტომ, გამოცხადდა ვაკანსია და მის პოზიციაზე მიღებულია ადგილობრივი კადრი შორენა ბეშკენაძე, რომელიც სკოლაში მუშაობას იწყებს მაძიებელი მასწავლებლის სტატუსით. მას ექნება 2 წლიანი ვადა იმისათვის, რომ ჩააბაროს სასერთიფიკაციო გამოცდა. ასე არის კანონით განსაზღვრული. დაწყებით კლასში 21 მოსწავლიდან 4 ესწრება გაკვეთილს. თუ ასე გააგრძელეს მშობლებმა, მივმართავთ კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს" - განაცხადა სკოლის დირექტორმა ზაზა გოგოლაძემ. 

ანალოგიური პოზიცია აქვთ ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში. ცენტრის ხელმძღვანელის იზოლდა ლომიძის განცხადებით, ირმა ღარიშვილის გათავისუფლება არ მომხდარა უკანონოდ. მისი თქმით, ყოფილ პედაგოგს ხელშეკრულება შეუწყდა კანონის შესაბამისი ზომების მიხედვით. რესურს ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, სკოლაში ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სტატუსი, ეს იქნება უფროსი მასწავლებელი, მენტორი თუ წამყვანი და ამისათვის თითოეულ პედაგოგს ეძლევა შესაბამისი დრო გამოცდის ჩასაბარებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. იზოლდა ლომიძის განცხადებით, თუ ირმა ღარიშვილი თვლის რომ მისი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ხოლო, მოსწავლეების შემთხვევაში, თუ მათ მშობლები არ დააბრუნებენ საკლასო ოთახებში, რესურს ცენტრი შემდგომი რეაგირებისთვის საქმეში ჩართავს სოციალურ სამსახურსაც. 



Print