საჯარო სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა
დღეიდან 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდა. ასევე მუშაობა განაახლეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით სკოლის შენობებში სწავლის დასაწყებად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია.

„დღეს პირველკლასელები ახალ სასწავლო წელს პირდაპირ სასკოლო გარემოში იწყებენ. ეს გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში.
პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელება ძალიან დიდი მონაპოვარია და მას შენარჩუნება სჭირდება. ამისათვის აუცილებელია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვა. განათლების სფეროს თითოეულმა წარმომადგენელმა - მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და რა თქმა უნდა მშობლებმა - ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას“
-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


Print