შეხვედრა „ეტალონში“ გამარჯვებულ მოსწავლეებთან (R)
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ "ბორჯომის ეტალონ მოსწავლესთან" შეხვედრა გამართეს.

გიორგი მაისურაძე დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა, მან ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში 77 ქულა დააგროვა და "ბორჯომის ეტალონი მოსწავლის" სტატუსი მოიპოვა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინტელექტ-ჩემპიონატზე მეორე ადგილი ტაძრისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ რუსუდან ჩუტკერაშვილმა მოიპოვა, მან 76 ქულა დააგროვა.

მესამე ადგილზე ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გუკა ხუჯაძე, 75 ქულით გავიდა.

ბორჯომის ეტალონი მოსწავლე 1 წლის განმავლობაში ბორჯომის მერიისგან 150-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა და "ეტალონი მოსწავლის" კლასი ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში მიიწვია, სადაც ბაკურიანის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები "ეტალონ მოსწავლესთან" ერთად სასურველ ატრაქციონებზე გართობას უფასოდ შეძლებენ. დავით ზაალიშვილი წარმატებულ მოსწავლეებს ბორჯომის მერიის იმ პროგრამებზე ესაუბრა, რაც ახალგაზრდების წახალისების კუთხით ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, 18 ივნისს დისტანციურ რეჟიმში ბორჯომელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მოსწავლეებს, შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილი დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით შეეძლოთ.

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ბორჯომელი მოსწავლე სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტივაცია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება იყო.

Print