ერთობლივი გაკვეთილები ბორჯომელი და ამერიკელი მოსწავლეებისთვის
ბორჯომელ და ამერიკელ მოსწავლეებს შორის ონლაინ შეხვედრა ჩატარდა. ბორჯომიდან აქსესის პროგრამის (Access - ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა) მონაწილეები მისისიპის შტატის სკოლის მე-9 და 12- ე კალსის მოსწავლეებს შეხვდნენ.

შეხვედრა აქსესის პროგრამის მასწავლებლის, ნათია გოგოლაძის ინიციატივით შედგა.

,, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებს გაეუმჯობესებინათ ინგლისური ენის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების უნარები და კომუნიკაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან. ამავე დროს გვინდოდა ონლაინ გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო და მოსწავლეებს მიეღოთ უფრო მეტი ინფორმაცია ამერიკის შესახებ, მათი თანატოლების ცხოვრების შესახებ, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ“ - ამბობს ნათია გოგოლაძე

შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის, აქსესის პროგრამის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია როგორია მათი ყველდღიურობა, როგორ ცხოვრობენ მათი თანატოლები ამერიკაში, როგორია მათი დღის რეჟიმი, ისაუბრეს აგრეთვე სასკოლო ცხოვრებაზე. გააცნეს ერთმანეთს საქართველო და ამერიკა. აღმოაჩინეს, რომ ბევრი საერთო ინტერესიც აქვთ. მოსწონთ ერთი და იგივე ფილმები, უსმენენ ერთნაირ მუსიკას.

,,ეს ღია გაკვეთილი იყო ჩემთვის შანსი გავცნობოდი ჩემს თანატოლებს მისისიპიდან, მეტი გამეგო მათ ტრადიციების და წესების შესახებ. ეს იყო პირველი ასეთი შეხვედრა ჩემთვის და ცოტა ვღელავდი, თუმცა მჯერა შემდეგი შეხვედრები უფრო პროდუქტიული იქნება და უფრო მეტ ინფორმაციას გავუზიარებთ ერთმანეთს“ - გვიყვება აქსესის პროგრამის მოსწავლე მარიამ გელაშვილი.





,,ჩემთვის ეს გაკვეთილი იყო ახალი და განსხვავებული, ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებზე, საერთო ინტერესებზე, ეს იყო ორმხრივი პროცესი. არ გამიჭირდა მათთან კომუნიკაცია, რადგან უკვე მქონდა ინგლისურენოვან მოქალქეებთან კომუნიკაციის გამოცდილება“ - გვითხრა აქსეს პროგრამის მოსწავლემ ლუკა ჩადუნელმა.

მოსწავლეებმა გვითხრეს, რომ ამერიკელ თანატოლებთან გაცვალეს კონტაქტები და გააგრძელებენ მათთან კომუნიკაციას.
მოგვიანებით აქსესის პროგრამის მოსწავლეებს შეხვედრა ჰქონდათ უკრაინელ მოსწავლეებთან. ონლაინ გაკვეთილები სხვა ქვეყნების მოსწავლეებთანაც გაგრძელდება.



’’ასევე ვგეგმავთ შეხვედრას პოლონეთის სკოლის მოსწავლეებთან, უკვე ვესაუბრე მასწავლებელს და დავგეგმეთ ონლაინ ღია გაკვეთილები. იმედი მაქვს მომავალშიც გვექნება საინტერესო შეხვედრები სხვა ქვეყნის მოსწავლეებთან. მომდევნო შეხვედრა იქნება პირველისგან განსხვევებული, ჯგუფი გეგმავს პრეზენტაციებს სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით.“ - აღნიშნა ნათია გოგოლაძემ.

ანალოგიური ღია გაკვეთილები იაპონიის, თურქეთის, მექსიკის, კოლუმბიისა და ვიეტნამის სკოლებთან დაგეგმა და ჩაატარა თამარ დემეტრაშვილმა, რომელიც ნათია გოგოლაძესთან ერთად ბორჯომში აქსესის პროგრამის მასწავლებელია.

აქსესის პროგრამა, რომლის მიზანია მოზარდებში ინგლისური ენის ცოდნის უნარების გაზრდა, PH International- ისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ბორჯომში 2020 წლიდან ხორციელდება. პროგრამაში ბორჯომის საჯარო სკოლებიდან 25-ზე მეტი 13 დან 16 წლამდე ასაკის მოზარდია ჩართული. ამჯერად მათ გაკვეთილები ონლაინ, არასასკოლო საათებში უტარდებათ, პროგრამის პარტნიორია ბორჯომში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“.

Print