Error
ბორჯომის, იაპონიის, თურქეთის, ვიეტნამის და მექსიკის მოსწავლეების ერთობლივი გაკვეთილები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაუტარდათ. ონლაინ სივრცეში, მათ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ოთხი სხვადასხვა ქვეყნის სკოლის მოსწავლეებს, ჩართულიყვნენ განხილვაში და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ინფორმაციები.

იდეა ამავე სკოლის პედაგოგს თამარ დემეტრაშვილს ეკუთვნის, რომელიც აგრეთვე არის აქსესის პროგრამის მასწავლებელი.

„პროექტის იდეა გამიჩნდა ერთ-ერთი ტრენინგის დროს, როდესაც ჩემმა კოლეგამ ახსენა ინტეგრირებული გაკვეთილები უცხოელ მასწავლებელთან ერთად. ამის შემდეგ, დავიწყე მსურველი მასწავლებლების ძიება სოციალურ ქსელში და მიზანსაც მალე მივაღწიე. ჩემი მოსწავლეების ასაკი ძირითადად არის 13-16 წლამდე, ამიტომ ვეძებდი მასწავლებელს,რომელიც იგივე ასაკის მოზარდებთან მუშაობდა" - ამბობს თამარ დემეტრაშვილი.


პირველი გაკვეთილი იაპონიის სკოლის მოსწავლეებთან




პირველი ინტეგრირებული გაკვეთილი იაპონიის ერთ-ერთ სკოლასთან შედგა. მისი სახელწოდებაა Kikuchi Joshi High School და მდებარეობს კიკუში კუმამოტოში. ბორჯომელი მოსწავლეების ყურადღება მიიქცია, იაპონურმა სამოსმა, სამზარეულომ და სასკოლო ცხოვრებამ. უამრავი კითხვა დაისვა კულტურის, ცნობილი მომღერლების, კინოს შესახებ. უამრავი თემა იყო რაც ქართველმა და იაპონელმა მოსწავლეებმა ერთობლივად განიხილეს. საქართველოსა და იაპონიას შორის 5 საათი არის სხვაობა. ამიტომ მათი გაკვეთილები იწყება შუადღის 2 საათზე იაპონიის დროით. 

მიუხედავად პანდემიისა, სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა სკოლაში, მოსწავლეები ვირტუალურად ესწრებოდნენ მათთვის ერთ ჩვეულებრივ, მაგრამ ქართველი მოსწავლეებისთვის უჩვეულო გაკვეთილს.

„ძალიან მინდოდა პირველი სტუმარი იაპონია ყოფილიყო და ნამდვილად გამიმართლა, რადგან ჩემი იაპონელი კოლეგა არის უდაოდ აქტიური და გამოცდილი პედაგოგი. მასწავლებელი არის ბატონი ჰუი თრენი. შესანიშნავი გაკვეთილი გამოგვივიდა. მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ იმდენად კმაყოფილები იყვნენ. იაპონიაში, მოსწავლეები ატარებდნენ თბილი ქსოვილისგან შეკერილ სასკოლო ფორმებს, რადგან მათ სკოლებში ძალიან ცივა, არ აქვთ ჩართული გათბობა, მიირთმევენ ძალიან ცოტას,ძირითადად ბოსტნეულს და სვამენ ტრადიციულ მწვანე ჩაის. არიან ძალიან მოწესრიგებული, პუნქტუალური მოსწავლეები“ - ამბობს პედაგოგი თამარ დემეტრაშვილი.


შემდეგი გაკვეთილი თურქეთის სკოლის მოსწავლეებთან




მორიგი გაკვეთილი, თურქეთის, კერძოდ სტამბულის სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდა. აქ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართულ ხალხურ ცეკვასა და სიმღერაზე, ღვინოზე, ტრადიციებზე, ღირსშესანიშნავ ადგილებზე.

„აქ მეტად შინაურული იყო დამოკიდებულება. ალბათ იმიტომ, რომ ის ჩვენი მოსაზღვრე ქვეყანაა. რამდენიმე მოსწავლეს წინაპრები ქართველები აღმოჩნდნენ, რამაც ძალიან გაგვახარა. განსაკუთრებული ყურადღება დავიმსახურეთ ჩვენ, რადგან აღფრთოვანდნენ ქართული ცეკვით, ღვინის ტრადიციით, სიმღერით, საინტერესო და ლამაზი ადგილებით, ეს ყველაფერი მათ ვიდეო კოლაჟის სახით იხილეს. ვიმედოვნებთ, პანდემიის დასრულების შემდეგ ისინი საქართველოს ესტუმრებიან“ - თამარ დემეტრაშვილი.


მორიგი გაკვეთილი მექსიკის სკოლის მოსწავლეებთან



იაპონიის და თურქეთის შემდეგ, მორიგი ქვეყანა იყო მექსიკა. ქართველმა მოსწავლეებმა მექსიკელ თანატოლებს გააცნეს საქართველო და პატარა ქალაქი ბორჯომი. გარდა ამისა, ბორჯომისა და ახალდაბის სკოლის მოსწავლეები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ურთიერთობენ მექსიკელ მოსწავლეებთან. ვირტუალური მეგობრების შეძენა, ამ პროექტის კიდევ ერთი ნაწილია.

„წარმოიდგინეთ სადამდე წავედით, რომ სულ სხვა კონტინენტზე ვიმოგზაურეთ. საოცრად აქტიური და მონდომებულია ჩემი მექსიკელი კოლეგა ურთიერთობები გააგრძელოს მომავალში. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი პატარა ქვეყანა და ახლა მექსიკის ჯერია, უნდა ეცადონ თავი მოგვაწონონ, მოლოდინები გვაქვს უსაზღვრო“ - ამბობს თამარ დემეტრაშვილი.


და ბოლოს ვიეტნამი


ბოლო გაკვეთილი რომელიც ამ დროისთვის ჩატარდა, იყო ვიეტნამის სკოლის მოსწავლეებთან. მოსწავლეების გაოცება გამოიწვია საგაკვეთილო სივრცემ, ტექნიკის ფართო გამოყენებამ, ინგლისური ენის ფლობამ. საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა საკლასო სივრცეში, თითოეული აქტივობა დაგეგმილი იყო განსხვავებული ელექტრონული რესურსების გამოყენებით, მოსწავლეები შეუზღუდავად იყენებდნენ ტელეფონებს, თითოეულ მერხზე განთავსებული იყო კომპიუტერი, რომელის დახმარებითაც ისინი ამზადებდნენ ქვიზებს, ტესტებს.

„ეს პროექტი მართლაც არის ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი. ჩემი მოსწავლეები ვერ მალავენ სიხარულს, გაოცებას, მოლოდინს. ყველაზე საამაყო მაინც ერთი რამ არის, ისეთმა დიდმა ქვეყნებმა როგორიცაა: იაპონია, თურქეთი, ვიეტნამი და მექსიკა, გაიგეს ჩვენი პატარა ქვეყნის შესახებ. მოსწავლეების მიერ წარდგენილმა პრეზენტაციამ, ვიდეო კოლაჟმა მათ გაუღვიძა სურვილი ესტუმრონ ჩვენ ქვეყანას. მე ნამდვილად მეამაყება, ჩემი და თითოეული ჩემი მოსწავლის წვლილი ამ დიდ საქმეში“ - ყვება თამარ დემეტრაშვილი.

თითოეული ონლაინ გაკვეთილის შემდეგ, მოსწავლეები აგრძელებენ ურთიერთობას უცხოელ მეგობრებთან სოციალური ქსელის მეშვეობით. იმედოვნებენ, რომ ასეთი ტიპის გაკვეთილები გაგრძელდება და მათ ექნებათ საშუალება, მეტი უცხოელი მეგობარი შეიძინონ.

„დიდი მადლობა თამუნა მასწავლებელს ასეთი გაკვეთილებისთვის, ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან მოგვეცა საშუალება სრულიად განსხვავებული ტიპის გაკვეთილებში ჩავრთულიყავით, იმედი გვაქვს, მომავალში კიდევ გვექნება ამის შესაძლებლობა“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

პედაგოგი თამარ დემეტრაშვილი კვლავ აგრძელებს სხვა ქვეყნებთან კომუნიკაციას და ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებას. შემდეგი ასეთი გაკვეთილი შაბათს, 6 თებერვალს, კოლუმბიის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებთან აქვს დაგეგმილი.

Print