20 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
კორონავირუსის დადასტურების გამო, თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში დისტანციურ სწავლებაზე 20 სკოლა გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, 1- 6 კლასების 130 000 მოსწავლიდან დისტანციური სწავლების სურვილი 10 000-მდე მოსწავლემ გამოთქვა.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კორონავირუსის პირობებში ახორციელებს სკოლების მართვას, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვით.
ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თუ როგორ ემზადებოდა განათლების სისტემა იმისთვის, რომ დავბრუნებულიყავით საკლასო ოთახებში და ამისთვის უზარმაზარი სამუშაო გასწია განათლების სამინისტრომ სხვა უწყებასთან ერთად.

იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დასტურდება წერტილოვანი შეზღუდვები წესდება.
სკოლა მაშინვე უკავშირდება დაავადებათა კონტროლის ცენტრს და მისი რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს. სკოლას უტარდება დეზინფექცია, თუ საჭიროა, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადადის თვითიზოლაციაში, თუ არადა მხოლოდ კლასი, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით ვადასტურებთ იმას, რომ კოვიდ-ინფიცირების ფაქტები არსებობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებშიც. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სისტემა მართავს ამ პროცესებს და სწავლაზე ხელმისაწვდომობა გარანტირებულია თითოეული მოსწავლისთვის.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს აკვირდება განათლების სამინისტრო, სისტემატიურად ხორციელდება სკოლებში მონიტორინგი.
განათლების სამინისტრომ შესთავაზე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაეკეთებინათ არჩევანი დისტანციურ სწავლებასა და საკლასო ოთახში სწავლის განახლებას შორის. დღეისათვის 1- 6 კლასების 130 000 მოსწავლიდან დისტანციური სწავლების სურვილი გამოთქვა 10 000-მდე მოსწავლემ“,-განაცხადა ეკა დგებუაძემ.


Print