9 აბიტურიენტი სპეციალურ სარეზერვო სივრცეებში განაგრძნობს გამოცდების ჩაბარებას
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის განცხადებით, 9 აბიტურიენტი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულ აბიტურენტთან ერთად ერთ საგამოცდო სივრცეში იმყოფებოდა, სპეციალურ სარეზერვო სივრცეებში განაგრძნობს გამოცდების ჩაბარებას.
„შეფასებისა გამოცდების ეროვნული ცენტრი მეხუთე დღეა საგამოცდო პროცესშია. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ზედმიწევნით ვიცავთ სპეციალისტების მიერ მოწოდებულ ყველა რეკომენდაციას. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, ცხადია, ჩვენ ამისთვისაც ვიყავით მზად. როგორც უკვე მოგახსენეთ, სპეციალური სარეზერვო სივრცეები გვაქვს იმისათვის, რომ დანარჩენი 9 აბიტურიენტი ამ სივრცეებში განვათავსოთ მაქსიმალური უსაფრთხოების ზომების დაცვითა და შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. რაც შეეხება ნამუშევრების გასწორებას და დამუშავებას, ისედაც ვაპირებდით, რომ ნაშრომებს გაევლო რამდენიმედღიანი კარანტინი, ვინაიდან ეს იყო რეკომენდაცია. ამ კარანტინის შემდეგ, ცხადია, ჩვენი ოპერატორები ნამუშევრებს ხელთათმანის, პირბადისა და ფარის გამოყენებით დაამუშავებენ და დაასკანერებენ, ასე რომ ამ კუთხითაც არ გვექნება პრობლემა,“ - განაცხადა სოფო გორგოძემ.

Print