შემთხვევა
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
ბორჯომში სოფელ საკირესთან ტყეში ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150-მდე მეხანძრე-მაშველისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის 30-მდე თანამშრომლის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია.

ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების მეხანძრე-მაშველები და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის მეტყევეები არიან ჩართულნი. ამ დროისათვის, არასაკმარისი ხილვადობის გამო, ვერტმფრენმა ხანძრის კერებზე წყლის დასხმა შეწყვიტა. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ცეცხლის ლიკვიდაციის მიზნით მუშაობას დილიდან განაახლებს.

ცეცხლის ორივე კერასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.

ინფორმაციას ამის შესახებ შსს პრესსამსახური ავრცელებს.
Print