დევნილთა და განსახლების სამინისტრო იპოთეკურ სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს
იპოთეკური სესხის დაფარვისთვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური
ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არაუმეტეს 20 000 ლარია.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ერთჯერადი ფულადი
დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2017 წლის პირველ
იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა
და აღნიშნული ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს წარმოადგენს.
სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში იპოთეკური სესხების დაფარვის
პროექტისთვის 2 მილიონამდე ლარი გამოიყო.
დევნილი ოჯახების შერჩევა, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს
დაუფარავს, სოციალური კრიტერიუმებისა და დევნილი ოჯახების სულადობის
გათვალისწინებით მოხდება.
იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადები მიიღება 2017 წლის 15
მარტამდე, შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15 ა;
ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6 ; ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი N27
იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე მიღებულ განაცხადს თან უნდა
ერთვოდეს: კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის
ხელშეკრულება; იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი
საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული
ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე; სსიპ
"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" ამონაწერი ხელშეკრულებით
გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში
რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს იპოთეკის
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება.