ეკონომიკა
მოიმატებს თუ არა საწვავზე ფასები უახლოეს მომავალში
„ახლა სიტუაცია ისეთია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლების ტენდენციაა, გარდა ამისა, რუსეთში იაფად შეძენილი საწვავი, ჯერ კიდევ გზაშია, მთლიანი რაოდენობა არც შემოსულა, ამიტომ, გაძვირებას კი არა, გაიაფებს ველოდებით“,- ამის შესახებ „სენტა ოილის“ დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი შეღავათიანი ტარიფის გაუქმებას გეგმავს, შესაბამისად, ქვეყნებს საწვავს იაფად აღარ მიაწვდის. თუმცა, როგორც ზაალ იაკობიძე ამბობს, მსგავსი განცხადება ოფიციალურად არ გაკეთებულა და მისთვის ცნობილი არ არის, სიმართლეს შეესაბამება თუ არა.

„ეს ჩვენთვის არის საშეღავათო ტარიფი იმ კუთხით, რომ რუსეთისგან ვიღებთ იმაზე ნაკლებ ფასად, რაც ზოგადად, მსოფლიო ბაზარზეა. თუმცა, რუსეთი შედარებით იაფად გვაძლევს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა ქვეყნებსაც. მისი პოლიტიკა იქიდან გამომდინარეობდა, რომ რუსეთისთვის ჩვეულებრივი გასაღების ბაზრების რაოდენობა შეზღუდული იყო, და, არა ის, რომ საქართველოს რამე განსაკუთრებულ პირობებში გვამყოფებდა.

შემდეგ მოხდა ექსპორტის შეზღუდვა რუსეთის მხრიდან, მაგრამ ცოტახნის წინ მოიხსნა და ისევ ისე, შედარებით დაბალ ფასად ვყიდულობთ. ჩემთვის არ არის ცნობილი, რომ რუსეთი ამ საშეღავათო ფასებს გაზრდას აპირებდეს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია არ მაქვს.

თან, ახლა სიტუაცია ისეთია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლების ტენდენციაა, გარდა ამასა, რუსეთში იაფად შეძენილი საწვავი, ჯერ კიდევ გზაშია, მთლიანი რაოდენობა არც შემოსულა, ამიტომ, გაძვირებას კი არა, გაიაფებს ველოდებით“,- ამბობს ზაალ იაკობიძე.
Print