ახალი ამბები
7 აგვისტოდან საპენსიო დანაზოგის ინვესტირების წესი იცვლება
დღეის მდგომარეობით, დაგროვებით საპენსიო სქემაში, საქართველოს 1 424 000 მოქალაქეა გაწევრიანებული. გასული 4 წელიწადნახევრის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც ეს სქემა ამოქმედდა, საერთო ჯამში, ყველა მოქალაქემ ერთად 3 მილიარდ 700 მილიონი ლარი დააგროვა. წლის განმავლობაში ჩვენს, ჩვენი დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ ჩვენთვის შეგროვებულ თანხას წლის ბოლოს ინვესტირების შედეგად მოპოვებული ფული, ანუ, ამონაგებიც ემატება. სქემის ამოქმედებიდან დღემდე ყველა ჩვენგანის ფული სტაბილურ დაბალ რისკიან აქტივებში ავტომატურად განთავსებოდა ხოლმე, მაგრამ, 7 აგვისტოდან ეს ყველაფერი იცვლება და ის ყველა ჩვენგანს ეხება.


7 აგვისტოდან, დაბალ რისკიან პორტფელთან გაჩნდება საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელები და დაგროვებით პენსიაში ჩართულ თიოეულ მონაწილეს საშუალება მიეცემა თავად გადაწყვიტოს, უკვე დაგროვებულ ფულს რომელი რისკის აქტივში ჩადებს. ამ საინვესტიციო პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა ის არის, რომ თუ დაბალრისკიან აქტივებში ჩადებულ ფულს, წლის ბოლოს, სტაბილური ფაქტობრივად ფიქსირებული მოგება მოაქვს, მაღალრისკიანმა პორტფელმა შესაძლოა ორმაგი მოგება მოგიტანოთ ან მოგება საერთოდ ვერ ნახოთ.


„მაღალრისკიანი ნიშნავს მზარდ პორტფელს. საშუალორისკიანი პორტფელი არის შერეული პორტფელი, სადაც ასევე არის აქციები, მაგრამ მასში არის ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტები. ხოლო, ნაკლებრისკიან პორტფელს შეგვიძლია დავარქვათ სტაბილური პორტფელი, რომელშიც უფრო მეტია სახაზინო ობლიგაციები, დეპოზიტები და დაახლოებით 20%-მდეა წარმოდგენილი გლობალური აქციები. ეს ძირითადი მახასიათებლებია ამ სამ საინვესტიციო პორტფელს შორის, შინაარსობრივი განსხვავება“ - აცხადებს გიგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.


7 აგვისტოდან, 40 წლამდე მოქალაქეები ავტომატურად, მაღალრისკიან პორტფელში გადაინაცვლებენ. 40-დან 50 წლამდე მოქალაქეები საშუალორისკიანში, ხოლო, 50 წლიდან ზემოთ მოქალაქეები დაბალრისკიან პორტფელში დარჩებიან. თუმცა, ერთი თვის განმავლობაში, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება თქვენი ფული სხვა იმ რისკიან აქტივებში გადაიტანოთ, რომელშიც გსურთ, ან საერთოდ, თქვენი თანხა ამ პორტფელებს შორის გადაანაწილოთ.


„ეს არის უკვე მზა პორტფელი მონაწილეებისთვის, რომელიც სტრატეგიული განთავსების ანალიტიკით არის შექმნილი. ეს არ არის შემთხვევით შექმნილი. ეს არის მნიშვნელოვანი ანალიზით შექმნილი პორტფელი, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაამარცხოს ინფლაცია. სრული ინფორმაცია ექნება მონაწილეს, შიგნით რა აქტივის კლასები შედის, რა კონცენტრაციაა, რომელი ფონდებია შეძენილი, რომელი ობლიგაციებია შეძენილი, რომელი რეგიონის და ასე შემდეგ“ - გიგა მელიქიძე, საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.


რომელ პორტფელში სჯობს თქვენი საპენსიო თანხის განთავსება, ამის სათქმელად ერთიანი უნიკალური ფორმულა არ არსებობს. მონაწილეებს არ შეეძლებათ თავად აირჩიონ რომელი ბანკის ანაბარზე, ან რომელი ქვეყნის ფასიან ქაღალდებსა თუ რომელი ორგანიზაციების აქციებში ჩადონ დაგროვებული ფული. ამ პორტფელებს საპენსიო სააგენტო თავად კრებს. მონაწილეები მხოლოდ რისკის დონეს აირჩევენ. თუმცა, საკუთარი პროტფელის შემადგენლობის ჩამონათვალი ეცოდინებათ. სამივე რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელების შექმნას ეროვნული ბანკი ზედამხედველობს. ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა ამბობს, რომ სქემის მონაწილეებმა გადაწყვეტილება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მიიღონ. მათ შორის, პენსიაში გასასვლელი დროის მიხედვით.


„შეიძლება ბევრისთვის ეს დაბალრისკიანი, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები ცოტა დამაბნეველი იყოს. დაბალრისკიანი შესაძლოა უფრო მიმზიდველად ჟღერდეს, მაგრამ საფინანსო სექტორში, მაღალრისკიანი პორტფელი ძირითადად გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მაღალ მოგებასთან არის ასოცირებული. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხანი უნდა დარჩნენ საპენსიო სისტემაში, ანუ ახალგაზრდები, მაქსიმალური მომგებიანობის თვალსაზრისით, მათთვის უმჯობესია მაღალრისკიანი პორტფელი და არა დაბალრისკიანი პორტფელი. დაბალრისკიანი უფრო მიზანშეწონილია ვინც რამდენიმე წელიწადში, მაგალითად 5-6 წელიწადში დატოვებს საპენსიო სისტემას. საშუალორისკიანიც შესაბამისად“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ, ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა.


სპეციალისტები ამბობენ, რომ ერთგვარი საერთაშორისო პრაქტიკა ასეთია. თუ პენსიაში გასვლამდე დიდი დროა დარჩენილი, მაგ: 20-30 წელი, ასეთი გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში, სჯობს თანხა კომპანიების აქციებში ჩაიდოს, რადგან აქციები მოკლევადიან პერიოდში, მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური რყევებიდან გამომდინარე შედარებით შეიძლება გაუფასურდეს, მაგრამ შემდეგ მოიმატოს. თუმცა, არსებობს სხვა მიდგომის რეკომენდაციაც. მაგალითად: დაბალრისკიან პორტფელს წლიური 14%-იანი მოგება აქვს, რაც იმდენად კარგი ამონაგებია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგ: 3-5 წლის განმავლობაში, ეს უფრო კარგი ამონაგები იქნება, ვიდრე მაღალრისკიანი აქციების ამონაგები.


„თანამონაწილე ხდება დამზოგველი რისკის თანბრად აღების პროცესში. თუ მან ვერ შეარჩია სწორი სტრატეგია ან მისმა სტრატეგიამ სწორი შედეგი ვერ გამოიღო, შესაძლოა მან სარგებლის ნაცვლად მიიღოს დანაკარგი. ანუ, მისი დაგროვილი თანხა შესაძლოა არ გაიზარდოს და პირიქით შემცირდეს. ის ტვირთი რაც ჰქონდა საპენსიო სააგენტოს, რომ მას გარანტირებულად უნდა მოეტანა სარგებელი მოქალაქისთვის, ახლა ხდება ამ ტვირთის გადანაწილება მოქალაქეზეც. ფაქტობრივად, ჩვენ ვხდებით თანამონაწილე იმ პროცესის, რამდენად მოვახერხებთ ჩვენი დანაზოგით მეტი სარგებლის ნახვას“ - ამბობს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი.

დაგროვებითი საპენსიო ფულის პორტელების მიხედვით განსაკარგად, 7 აგვისტოდან, იუსტიციის სახლებში შეგიძლიათ მიხვიდეთ. სწორედ აქ დაგეხმარებიან თქვენი თანხის ინვესტირებაში. თუმცა, ეს მხოლოდ 7 სექტემბრამდე შეგეძლებათ, თუ ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებთ, მაშინ თქვენი ფული ავტომატურად დარჩება იმ რისკიან პორტფელში, რომელსაც თქვენი ასაკის გათვალისწინებით კანონი ადგენს. ხელახალი ინვესტირება კი 12 თვის, ანუ 1 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.


Print