ახალი ამბები
ბორჯომის მაღალმთიან სოფლებში გზა იგება
ბორჯომში ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია გრძელდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მოლითამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

პროექტის ფარგლებში გზის 2,2 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი და მიმდებარედ ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყობა.



აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება. განახლებული გზა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ტაბაწყურთან მისასვლელი, ახალქალაქი-ბორჯომის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე სოფელ ბალანთისა და ჭიხარულის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება და ჯამში, 12 კმ-მდე გზის მონაკვეთი დაიგება.



,,სოფელ ტაბაწყურში მდებარეობს ულამაზესი ტბა, რომელსაც ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
Print