ეკონომიკა
კვერცხი და ფრინველის ხორცი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს
კვერცხი და ფრინველის ხორცი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო 3 თვის განმავლობაში პროდუქციის თვითღირებულებამ უკვე 7%-ით მოიმატა, თუმცა არ გაძვირებულა საბოლოო პროდუქტი. ამიტომ, ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ამჯერად მცირედი ცვალებადობაც კი, ფასზე ასახვას გამოიწვევს.

„გასული წლის ბოლოს, დეკემბერში გაზი გაგვიძვირდა და ამან, ჩვენს თვითღირებულებაშიც გამოიწვია ცვლილებები და გარდა ამისა, ბევრი პარალელური პროდუქტი - შესაფუთი მასალა და ა.შ გაგვიძვირდა. რეალურად გაზის გაძვირება ორმაგად დაგვაწვა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ქართული წარმოებისთვის არსებული ელექტროენერგიის სუბსიდიაც შეწყდა.

თუ ამ ნიშნულზე შენარჩუნდა ფასები ისევ მძიმე სიტუაცია რჩება, მაგრამ ოდნავ თუ ზემოთ წავიდა თვითღირებულებაში შემავალი კომპონენტების ფასები, ოპტიმისტური პროგნოზი არ გვაქვს. მხოლოდ ბოლო 2-3 თვეში 7%-მდე გაიზარდა ფასები. მთელი წლის განმავლობაში კი საკვების ფასმა 100%-ით მოიმატა, 60-65 თეთრი რომ ღირდა ხორბალი, დღეს 1.20-ზე ნაკლებად აღარსადაა“
, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

მისივე თქმით, ქართულ ბაზარზე წარმოება დიდწილად არ შემცირებულა, თუმცა მოხდა პროდუქტის იმპორტით ჩანაცვლება.

,,დიდი ხანია ვამბობთ, რომ ქართულო ბაზარი დაუცველია. მოგეხსენებათ, რაც ხდება თურქულ ლირასთან მიმართებით და თურქული ვალუტის დევალვაციამ კიდევ მეტად გაამწვავა აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ისედაც აქვს, ჩვენს პირდაპირ მეზობელს, რომლის სოფლის მეურნეობაც მაღალ დონეზეა. როცა ლირას საფრთხე დაემუქრა და ფასები პრაქტიკულად განახევრდა, მაშინვე გაზარდეს ექსპორტი. ჩვენ კი ვართ ერთადერთი ქვეყანა, ვინც ცხოველურ პროდუქტს უცხოეთიდან ლიმიტის გარეშე იღებს. შესაბამისად, მომენტალურად გაიზარდა მათი წილი ბაზარზე, თორემ ჩვენ წარმოება ამ მასშტაბით ნამდვილად არ შეგვიმცირებია, რომ მომხდარიყო ჩანაცვლება“, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.
Print