ეკონომიკა
ვაკვირდებით, რა გამოწვევები ახლავს „მწვანე პასპორტის“ შემოღებას - ნათია თურნავა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქე ისეთი ობიექტის სტუმრობას, სადაც აუცილებელია კოვიდ-პასპორტის წარდგენა, შეძლებს, თუკი აქვს სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ გაცემული შემდეგი დამადასტურებელი დოკუმენტი - QR კოდი, ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ოფიციალური უწყების მიერ გაცემული ვალიდური ნეგატიური PCR ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თურნავას თქმით, სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება, თუ რა გამოწვევები ახლავს „მწვანე პასპორტის“ შემოღების პროცესს.

როგორც მინისტრი აცხადებს, ბიზნესთან უკუკავშირის შედეგად გაირკვა, რომ უცხოელ მოქალაქეებს განსაკუთრებით არაევროპული სახელმწიფოებიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც დროულად ვერ რეგისტრირდებიან ქართულ პლატფორმაზე, ტურისტულ ობიექტებში სტუმრობისას სირთულე ექმნებათ, რაც უკვე დაძლეულია.

2021 წლის 1 დეკემბრიდან ”მწვანე პასპორტით” სარგებლობა საჭიროა შემდეგ დაწესებულებებში: კვების ობიექტები; რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურულ სივრცეები; გასართობი ცენტრები; კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები; საკონცერტო დარბაზები; სამორინეები და სათამაშო ბიზნესობიექტები; სპა-ცენტრები; ფიტნეს-დარბაზები; სასტუმროები; სამთო კურორტების საბაგირო გზები.
Print