ეკონომიკა
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ერთი მილიარდით მცირდება
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით ერთ მილიარდ ლარზე მეტით, უფრო ზუსტად კი 1 055 470 800 ლარითაა შემცირებული.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 18 443 276 00 ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული შემცირება გამოწვეულია ორი ძირითადი ფაქტორით. კერძოდ, 2022 წელს მნიშვნელოვნად (850,0 მლნ ლარით) მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვასთან დაკავშირებული ასიგნებები (1 713,2 მლნ ლარი);

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ხარჯების დაფინანსებას 500.0 მლნ ლარის ოდენობით,“- წერია პროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, 2021 წლის ბიუჯეტი 19 498 746 800 ლარია.
Print