ეკონომიკა
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 52.9 პროცენტით შემცირდა - „საქსტატი“
2020 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 52.9 პროცენტით შემცირდა, - ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარ მაჩვენებლებშია აღნიშნული.

კერძოდ, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.

ამასთან, 2020 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 90.9 პროცენტი შეადგინა.

2020 წლის წინასწარი მონაცემებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 95.3 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 49.9 პროცენტით, მეორეზე - ნიდერლანდი 27.9 პროცენტით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 17.5 პროცენტით.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წლის IV კვარტალში უარყოფითია და -102.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგინს. „საქსტატის“ განმარტებით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 294.6 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.


Print