ახალი ამბები
"რესტორნების გახსნას მკაცრი რეაქცია მოყვება" - ეკონომიკის მინისტრი
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რესტორნები 6 თებერვალს დაანონსებულ დაუმორჩილებობას აღასრულებენ და შეზღუდვების საწინააღმდეგოდ განაახლებენ მუშაობას, ხელისუფლების მხრიდან ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ამის შესახებ თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადა.

"დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონის წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია... ჩემი თხოვნა იქნება და ჩემი იმედიც არის, რომ ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან დაკავშირებით გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები", - აცხადებს თურნავა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რესტორნები კანონს არ დაარღვევენ და ამ გზით სამინისტროსთან კომუნიკაციას არ გაართულებენ. მისივე თქმით, ამჟამად რესტორნების წარმომადგენლებთან სამინისტროს თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს.


“კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად არ არის, ჩვენს სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციას პრაქტიკულად ყოველდღე აქვს კომუნიკაცია ხან ონლაინ, ხან ფიზიკური შეხვედრით ტურისტულ ინდუსტრიასთან, მათ შორის, რესტორნებთან. იმის გამო, რომ რესტორნები აჭარის გარდა დანარჩენ საქარველოში ჯერჯერობით ვერ იხსნება, აქედან გამომდინარე, გასაგებია, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონის და ეპიდემილოგიური წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა მიუღებელია და რა თქმა უნდა, მოყვება მკაცრი რეაქცია”, – განაცხადა მინისტრმა.

თურნავას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან ერთად ყოველდღე მსჯელობს, თუ როდის უნდა გაიხსნას რესტორნები, თუნდაც აჭარის მსგავსად, მხოლოდ ღია სივრცეებში. მინისტრის თქმით, ისინი აკვირდებიან ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და “ძალიან დიდი იმედი” აქვთ, რომ რესტორნებთან დაკავშირებით “კონკრეტული გადაწყვეტილებებს” მიიღებენ. მისივე განცხადებით, კანონის დარღვევა და დამოუმორჩილებლობა სამინისტროსა და რესტორნებს შორის დიალოგს გაართულებს.

ცნობისთვის, გუშინ, 2 თებერვალს სარესტორნო ბიზნესმა პროტესტის განსხვავებული ფორმა დააანონსა. 200-მდე რესტორანი გეგმავს პროტესტის ნიშნად მუშაობა
6 თებერვლიდან განაახლონ.



ამავე თემაზე:

6 თებერვლიდან რესტორნების ნაწილი თვითნებურად გაიხსნება
Print