ახალი ამბები
6 თებერვლიდან რესტორნების ნაწილი თვითნებურად გაიხსნება
შაბათს, 6 თებერვლიდან რესტორნები, აკრძალვების მიუხედავად, მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ, რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება დღეს მოხდა და საკითხის შესახებ დამატებითი დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.

სარესტორნო ბიზნესი აცხადებს, რომ ახლა უკვე გადარჩენისთვის იბრძვიან და მზად არიან რეგულაციების პირობებში, წესების დაცვით იმუშაონ. ამ მოთხოვნით მათ აქცია შაბათს მთავრობის კანცელარიასთანაც გამართეს, თუმცა არაფერი შეცვლილა. მათ ამ დრომდე არ იციან, როდის მიეცემათ მუშაობის უფლება.


ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისით აგრძელებენ მუშაობას. გამონაკლისია აჭარა, სადაც 1-ელი თებერვლიდან დაშვებულია კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. სექტორი გახსნას ითხოვს და პროტესტის ნიშნად 200-მდე რესტორანმა 30 იანვარს 24 საათით გატანის სერვისით მუშაობაზეც უარი განაცხადა.

Print