ეკონომიკა
ზეთი 23%-ით, თევზეული 9%-ით, რძის ნაწარმი 8%-ით გაძვირდა - „საქსტატი“
ერთი წლის განმავლობაში ზეთი 23%-ით, თევზეული 9%-ით, რძის ნაწარმი 8%-ით, ხოლო პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა, - აღნიშნულ ინფორმაციას “საქსტატი” აქვეყნებს. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის მაჩვენებლებშია აღნიშნული, 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.
უფრო დეტალურად, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა 6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92 პროცენტული პუნქტით აისახა. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (23.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.2 პროცენტი), თევზეული (9.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.7 პროცენტი).


Print