ეკონომიკა
რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა.
"იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ" მთავრობის N322 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (გერმანია); პარიზი (საფრანგეთი) და რიგა (ლატვია)” , - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ საქართველოსა და ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამწვავდება, ავიაკომპანიების - Lufthansa-ს, AirFrance-ის და airBaltic-ის რეგულარული რეისების შესრულება დადგენილი განრიგის შესაბამისად გაგრძელდება.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველომ საზღვრები ევროკავშირის ხუთ ქვეყანას - გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს უპირობოდ 8 ივლისს გაუხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებს ან მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებს, ქვეყანაში მოგზაურობა დაუბრკოლებლად შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ამავე ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, უკან დაბრუნების შემთხვევაში,
ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

Print