ეკონომიკა
სახელმწიფო ფერმერებს 300 მლნ. ლარით დაეხმარება-გიორგი გახარია
ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
"თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც გააჩნიათ მაგალითად, 10 ჰექტარი მიწა და ამშავებენ, მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას 2000 ლარის ოდენობით. ეს რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები,"- აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, ფერმერებმა, დახმარების მიზნით, სოფლის მეურნების სამინისტროს ქვედანაყოფებს 20 მაისიდან უნდა მიმართონ. როგორც გახარიამ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, დახმარება დაახლოებით, 200 000 ფერმერს შეეხება და სრული ბიუჯეტი 300 მილიონი ლარი იქნება.
"ფერმერებს შეეძლებათ, რომ მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს 20 მაისიდან და ესეც არის ძალზედ მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ, საგაზაფხულო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ყველა ეს დახმარება შეეხება დაახლოებით 200 000 ფერმერს და ამ დახმარების სრული ბიუჯეტი იქნება 300 მილიონი ლარი",

მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ ფერმერებისთვის აგროდეზელის ფასი ნაკლები იყოს კრიზისის შემდეგადაც, მომდევნო წლებში.
"ყოველი ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი. საერთოდ, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის, საწვავის ფასი არის კრიტიკულად, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად არა მხოლოდ წელს კრიზისში, არამედ მომავალი წლებისთვისაც. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე",- განაცხადა გახარიამ.

Print