ახალი ამბები
დაიხურება თუ არა სამცხე-ჯავახეთში აგრარული ბაზრები
სამცხე-ჯავახეთში ამჟამად სამი აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს, ბორჯომში, ახალციხესა და ახალქალაქში. ამ სამი მუნიციპალიტეტიდან ცენტრალური რეგიონალური ბაზარი ახალციხეშია, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იყრის თავს. ახალციხეში ბაზარი შაბათ-კვირას სადეზინფექციო სამუშაოების გამო დაკეტილია. განაახლებს თუ არა ობიექტი მუშაობას, ორშაბათიდან გადაწყდება. რაც შეეხება რეგიონში არსებულ ორ პატარა აგრარულ ბაზარს, რომელიც ბორჯომსა და ახალქალაქშია, ამ ეტაპზე ორივე ბაზარი მუშაობს. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ორივე ბაზარი მკაცრ კონტროლზეა აყვანილი და მცირედი დარღვევის შემთხვევაშიც კი მოხდება ობიექტის დახურვა.

„ახალციხის ბაზარი, სადაც ყველაზე მეტი ხალხმრავლობაა, ამ შაბათ-კვირას დაკეტილია დეზინფექციის ჩატარების მიზნით. ამის შემდეგ, ადგილზე შეამოწმებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დააკმაყოფილებს თუ არა შესაბამის მოთხოვნებს, ორშაბათს გადაწყდება - გაიხსნება თუ დაიხურება აღნიშნული ბაზარი. რეგიონში ორი პატარა ბაზარია ბორჯომსა და ახალქალაქში. ნინოწმინდაში არის, თუმცა არ ფუნქციონირებს და ასპინძასა და ადიგენში ბაზრები საერთოდ არ არის. ამ პატარა ბაზრებში ხალხმრავლობა არ ფიქსირდება. სურსათის რეალიზება კი დასაშვებია. ბორჯომის და ახალქალაქის ბაზრებშიც დეზინფექციას ატარებენ ყოველდღიურად და არის ძალიან მკაცრ კონტროლზე აყავნილი მუნიციპალიტეტის მხრიდან. რა წუთშიც, მცირედ დარღვევას აღმოაჩენს მუნიციპალიტეტი, მაშინვე მოხდება მისი დახურვა. ამის მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში“ - აცხადებს გიორგი მიქელაძე, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, ხალხმრავალი აგრარული ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს შიდა ქართლში, მანამდე ბაზრების დახურვა იმერეთში, ბათუმსა და სამეგრელოშიც გადაწყდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ თბილისსა და რეგიონებში, ადგილზე ყოველდღიურად ხდება აგრარული ბაზრების შემოწმება და მკაცრი კონტროლი.

Print