ახალი ამბები
სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება ტელევიზიით მოხდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 30 მარტიდან სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მან ინტერნეტ პროვაიდერებს მოუწოდა, რომ გაითვალისწინონ სტუდენტების და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან.

„მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს. ამიტომ, განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშრებით და საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და 30 მარტიდან უკვე დაიწყება პირდაპირ ეთერში კონკრეტული გაკვეთილები საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მოსწავლეს კლასში მასწავლებელთან აქვს პირდაპირი შეხება, თუმცა იმ მდგომარეობაში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით ამ პანდემიის პირობებში, ესეც წინგადადმული ნაბიჯია და ჩვენ მივესალმებით იმას, რასაც განათლების სამინისტრო და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთობლივად აკეთებენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Print