ახალი ამბები
,,რეკომენდაციაა რომ ყველა ტაძართან მოახერხონ მსახურების გახმოვანება'' - მეუფე ნიკოლოზი
ჩვენ მიგვაჩნია და წმინდა სინოდში არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით ინფექცია შეიძლება გადაედოს ვინმეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული, შესაბამისად, ამას რაც შეეხება არავითარი ცვლილება არ შეიძება რომ იყოს, - ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილება შეეხება იმას, რომ ღვთისმსახურების მოსმენა შესაძლებელი იყოს ტაძრის გარეთაც გახმოვანების საშუალებით.

„ცვლილება იქნება სასიკეთო ის, რომ ასეთი რეკომენდაცია გვექნება, ეს თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ შეძლებისდაგვარად, ყველა ტაძართან, რომ მოახერხონ გახმოვანება მსახურების იმისათვის, რომ არ იყოს სიმჭიდროვე. ჩვენი რეკომენდაციებია, რომ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს და საერთოდ ჯანდაცვის რეკომენდაციები მორწმუნეებმა. მე ვამბობ, რომ გახმოვანება იქნება და გარეთაც შეიძლება მოსმენა, მაგრამ მთავარი, რაც მინდა გითხრათ, სინოდზე პირდაპირ მე განვაცხადე ეს და მინდა ყველას მოვუწოდო, მრევლს და ყველა ადამიანს, მე შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს - არ გადასდო და არ გადაგედება. ანუ, ჩვენ გვეშინია იმის კი არა, რომ არ გადაგვედოს, ჩვენ გვეშინია, რომ არ გადავდოთ. მეც შეიძლება ახლა ამ წუთას დაინფიცირებული ვიყო. ჩვენ ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, ერთადერთი, რასაც ვერ გავითვალისწინებთ და არც არის ასეთი რეკომენდაცია, რომ ეჭვი შევიტანოთ საიდუმლოების მადლმოსილებაში, მისტიურ კავშირში ღმერთთან, ამაში ეჭვს ვერ შევიტანთ. აზრთა სხვადასხვაობაა იმაში, რომ საიდუმლოება მადლმოსილია და არ შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ამაში არავითარი აზრთა სხვაობა არ არის“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, თუ რა პოზიცია დააფიქსირა პატრიარქმა, მეუფემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ განჩინებით გახდება ცნობილი.
Print