ახალი ამბები
შსს განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან, საქართველოში ორი კვირით აიკრძალა სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა. საკონტროლო გამტარი პუნქტების გვერდის ავლით, საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობების რისკების შემცირების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით, რისკებისა და საფრთხეების ანალიზის საფუძველზე, დამატებითი ადამიანური და ტექნიკური რესურსით გაძლიერდა სახმელეთო საზღვრის დაცვის გაზრდილი რისკის შემცველი მონაკვეთები. სასაზღვრო პერიმეტრის კონტროლს მესაზღვრეების გაძლიერებული შემადგენლობა საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ახორციელებს.

ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

- მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე;

- იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

დღეიდან, ასევე, უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში, ხოლო სხვა ცნობების მისაღებად განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

დღეიდან, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ, მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტის და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად.

ასევე, მოქალაქეებს დროებით ვერ მოემსახურება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრები.

ამასთან, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისგან.

აქვე გაცნობებთ, რომ დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 24, 26 და 28 მარტს წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.
Print