ახალი ამბები
"ბაკურიანი დაცლილია დამსვენებლებისგან" - მარიკა მაკიევა
ბაკურიანში დამსვენებლების სიმცირეა. ადგილობრივი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით მუშაობს მხოლოდ დიდველი.

"რასაც ჰქვია, ბაკურიანი დაცლილია დამსვენებლებისგან. ამ დროისთვის ყველაფერი გაჩერებულია, არ მუშაობს საბაგიროები. როგორც ვიცი, დღეს მოთოვა და მხოლოდ დიდველი მუშაობს" - აცხადებს ტელეკომპანია "ბოროჯომთან" საუბრისას ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტი მარიკა მაკიევა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში კი ტელეკომპანია "ბორჯომს" განუცხადეს, რომ დღეიდან ყველა საბაგირო შეწყვეტს მუშაობას. კომპანიის ბაკურიანის დეპარტამენტის უფროსის ლევან გეგეშიძის თქმით, ამ დროისთვის მთის კურორტებზე სეზონი ისედაც პასიურ ფაზაში გადადიოდა.

"უკვე რამდენიმე წელია ამ სფეროში ვარ და ყოველწლიურად, 15-16 მარტიდან მუდმივად შეინიშნებოდა დამსვენებლების შემცირება მთის კურორტებზე. დღეიდან, ყველა საბაგირო, სასრიალო მოედანი შეწყვეტს მუშაობას. რაც შეეხება რისკებს. მთის კურორტებზე, კორონავირუსის გავრცელების რისკი ყოველთვის იყო და იქნებოდა. აქედან გამომდინარე, დღეიდან შეწყდება მთის კურორტებზე სეზონი.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი დროზე ადრე იხურება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო.
Print