ახალი ამბები
ბორჯომში თვითიზოლაციაში 8 პირი იმყოფება
ამჟამად, ბორჯომში, თვითიზოლაციაში 8 პირი იმყოფება. ყველა მათგანი ადგილობრივია. ისინი სხვდასსხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნდნენ მშობლიურ ქვეყანაში. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვიდასტურებენ. მანანა რატიანის ინფორმაციით, 6 მოქალაქე ჩეხეთიდან ჩამოვიდა, ერთი ბელგიიდან, ხოლო ერთი მოქალაქე არსად ყოფილა წასული და იმყოფება თვითიზოლაციაში.

"თვითიზოლაციაში არიან ჯანმრთელი ადამიანები. მათ არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომები და არც პანიკის საფუძველი არ არსებობს. 14 საინკუბაციო დღე არის, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროს მოქალაქემ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში. არცერთი მოქალაქე არ არღვევს თვითიზოლაციის წესებს. გავრცელდა ჭორი, რომ თითქოოს ეს ადამიანები ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებიან, მინდა ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდო და ვუთხრა, რომ ამ დროისთვის წესების დარღვევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა" - ამბობს ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას მანანა რატიანი.

მანანა რატიანის ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში გადადიან ის ადამიანებიც, ვისაც თვითიზოლაციის პირობები არ აქვთ. რაც შეეხება მდგომარეობას სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, რეგიონში თვითიზოლაციაში სულ 36 პირი იმყოფება.

ბორჯომში - 8, ახალციხეში -18, ასპინძაში - 4, ნინოწმინდაში - 4, ადიგენში კი 2 პირი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსის თქმით, საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ პირებს თვითიზოლაციის წესები არ დაურღვევიათ.


Print