ახალი ამბები
ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში ტაძრების სადეზინფექციო სამუშაოებს მერია დააფინანსებს
ეკლესია-მონასტერების დეზინფექცია ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში 16 მარტის კვირაში დაიწყება და ეტაპობრივად, 45-ივე ტაძარს მოიცავს. მერიის დაფინანსებით, სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „პრობდეზი“ შეასრულებს.

„ორშაბათს საღამოს, ან სამშაბათიდან დაიწყება დეზინფექცია. ჯერ ქალაქის მასშტაბით, შემდეგ სოფლებში. ორშაბათს ვაპირებ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მისვლას და მივაწოდებ ეკლესია-მონასტრების ჩამონათვალს“, - ამბობს ბორჯომის საკათედრო ტაძრის მოძღვარი მამა დიმიტრი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია საქმის დასაწყებად ეკლესია-მონასტრების სიას ელოდება. მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ზაალიშვილის თქმით, ტაძრებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების დავალება მერიამ სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულისგან მიიღო.

„ოთხშაბათს, გუბერნიაში ვიყავით შეხვედრაზე და იქ სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა დაგვავალა, რომ ყველას, ვისაც საკუთარი ძალებით არ შეუძლია, ჩვენ დავხმარებოდით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი, მეუფე ლაზარე დამიკავშირდა და მთხოვა დახმარება დეზინფექციის ჩატარებაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ შპს „პრობდეზთან“, რომელიც ქალაქში ერთადერთი სერთიფიცირებული და აღჭურვილი სამსახურია და ის შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს. შესაბამისი ხსნარებიც მათ აქვთ. ასე, რომ როგორც კი მოგვაწვდიან ინფორმაციას ეპარქიიდან, აღნიშნული სამსახური დაიწყებს სამუშაოებს.“

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიმართა. ქვეყანაში სადეზინფექციო ხსნარების შემომტანმა ერთ-ერთმა კომპანიამ გამოთქვა მზაობა, ეკლესია-მონასტრებს საქველმოქმედო საფუძველზე დახმარებოდა. ტაძრების სადეზინფექციო სამუშაოები მთელ ქვეყანას მოიცავს.

Print